მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ Freedom House-ის დასკვნა მიკერძოებულია

მმართველ გუნდში  სერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  დასკვნას აკრიტიკებენ და მას ტენდენციურს უწოდებენ.  დოკუმენტში  მოცემულ ფაქტებთან  დაკავშირებით, თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს როგორც მინისტრებმა, ისე საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა/„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ",- განაცხადა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

მან დოკუმენტში წარმოდგენილ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველომ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, თუმცა, ამის ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7 ბალიან შკალაში მხოლოდ საქართველოს რეიტინგი მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა. ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია. ირაკლი კობახიძის თქმით, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს.

„გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-12 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე - რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ბრეინვოშინგს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც, როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს", - აღნიშნა  ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  დასკვნას დაუსაბუთებელი,  ფაქტებისგან შორს მდგომი და ტენდენციური  უწოდა.

„იმდენად ტენდენციურია, რომ აზრიც არ აქვს ამაზე კომენტარების გაკეთებას. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თირთქოს შარშან, საანგარიშო პერიოდში მოხდა „იმედში“  შეჭრა, შარშან დაუშინეს  ტყვიები „იბერიას“. „რუსთავი2“-ის საქმეზე დავა იყო ყოფილ და პირვანდელ მესაკუთრეებს  შორის, რაც ევროპულ სასამართლოში  გაგრძელდა და მიხარია, რომ ეს საქმე წავიდა  ევროსასამართლოში იმიტომ, რომ  თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, იქნება სანდო, თუ მეორეს მიიღებს, ისიც იქნება სანდო ყველასთვის“,-აღნიშნა სუბარმა.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძეც მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება:

"მე ვიტყოდი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მონაპოვარია დემოკრატიის მაღალი ხარისხის მიღწევა. ეს არის ადამიანთა უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. ვფიქრობ, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს", - განაცხად ბახტაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო.

"პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა.

ამასთან, Freedom House-ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოში პლურალისტური მედია გარემოა.

ამას გარდა, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან 3.75  ქულა აქვს მინიჭებული.

დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, „სასამართლო დამოუკიდებლობა დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან".

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობაც გაუარესდა.