მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრულ იმიტაციას გაივლიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, #სანდოთანამგზავრის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს -  მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრულ იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ.

რეგისტრირებული  მონაწილეები  ტესტირებას  15 აპრილს  გაივლიან და ის საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება.  მოსწავლეებს  მათთვის სასურველ  ორ  საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა. იმიტირებული ტესტირების დასრულებისთანავე მოსწავლე ქულას ეკრანზე დაინახავს, რომ მან შეძლოს საკუთარი ცოდნის შემოწმება და გაუმჯობესება.  გამოცდაზე კი, წლევანდელი ცვლილებების თანახმად, შეიტყობს შეძლო თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა.

#სანდოთანამგზავრის ფარგლებში  მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ინტერნეტში ჩართული  ნებისმიერი კომპიუტერიდან  გამოცდების სრულად იდენტური ტესტირება გაიარონ რვა საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, უცხოური ენა,  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება.  ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები.  

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით  პერიოდულად ტარდება ტესტირება ზოგად უანრებში, ასევე  აბიტურიენტთა ხელშეწყობის მიზნით,  ყოველ ხუთშაბათს  ცენტრი აქვეყნებს  რუბრიკას  „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“.  ყოველ ახალ ეპიზოდში ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ახალი ტიპის დავალებას განიხილავს და კონკრეტულ რეკომენდაციასაც აძლევს აპლიკანტებს.  

#სანდოთანამგზავრი  აბიტურიენტების, მათი მშობლების, სტუდენტების თხოვნებისა თუ მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა და რამდენიმე ქვეპროექტს აერთიანებს.  დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.gov.ge