ოჯახის ინფორმაციით, ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ბებიამ მერი გობაძემ განაცხადა.

როგორც გობაძემ აღნიშნა, მკვლელობის დროს სახლში გარდაცვლილის შვილებიც იმყოფებოდნენ.

"ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო? მაგას რა უნდა გარეთ? როგორ იკადრა, რომ შვილებს - 3 წლის და 6 წლის ბავშვებს, დედი სიკვდილი აყურებინა. არ ვაპატიებ მაგას. ხომ იცოდა პოლიციამ, რომ ასეთი მდგომარეობაა, მისამართიც იცოდნენ - რატომ არ დაუდგნენ დასაცავად? როგორც ჩემი შვილისგან ვიცი, პოლიციელი იყო წარსულში, ზუსტად რა თანამდებობა ჰქონდა, არ ვიცი", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.

ამასთან, ოჯახის ნათესავის თქმით, მკვლელი ოჯახზე სისტემატურად ძალადობდა.

"დაურეკა გარდაცვლილის დედას და შერიგება სთხოვა, თუმცა როდესაც უარი მიიღო, შვილების მოკვლით დაემუქრა", - აცხადებს ნათესავი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელი ამ დრომდე იძებნება.