ერევანში მომიტინგეებმა სახელმწიფო უწყებების შენობები დაბლოკეს - დაკავებულია 29 პირი

ერევანში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა 29 პირი დააკავეს, - ამის შესახებ News.am იუწყება.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

მან მომიტინგეებს მოუწოდა საკასაციო სასამართლოს, პროკურატურის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკადა მოეხდინათ. 

"ალყაში მოაქციეთ ყველა ეს შენობა. არავინ უნდა შევიდეს და გამოვიდეს ამ შენობებიდან. ჩვენ უნდა მოვახდინოთ სახელმწიფო უწყებების პარალიზება. ვიწყებთ მშვიდობიან "ხავერდოვან რევოლუციას", - განაცხადა დეპუტატმა. 

ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. 

შეგახსენებთ,  რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.