გორის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

 უჩვეულო ამბავი მოხდა ქარელის რაიონში. დევნილთა კორპუსებში მცხოვრები, 94-წლის ნინა ცისკაძის ცხედარი საავადმყოფოდან სოფელ ბრეთში, სხვის ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილი მაშინ ამოიცნეს, როდესაც ტახტრევანზე სუდარა მოხსნეს. ბრეთელ ჭირისუფლებს სარეცელზე ზნაურიდან დევნილი ქალის ცხედარი დახვდათ. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ამავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაცვლილა. ამათგან ერთ-ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79-წლის ქალბატონი იყო. მეორე კი, - ზნაურიდან დევნილი, 94-წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

"როდესაც მივიტანეთ ტანსაცმელი საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა არ შეიძლებოდა, ხოლო გარდაცვლილს ჩვენ ჩავაცმევთო, რაშიც თანხა 40 ლარი უნდა გადაგვეხადა. არ მქონდა 40 ლარი და მივეცი 20 ლარი. ამის შემდეგ ველოდებოდით, როდის გამოასვენებდნენ. ქარელში ჩვენი მანქანით გადასვენებას ვაპირებდით", - ამბობს ნინა ცისკაძის რძალი.

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ელოდნენ ცხედარს. ამ დროს შენობის ეზოში ბრეთელები მივიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ოჯახს სხვა მიცვალებული მიუყვანეს.