საქართველოში ინდურ სერიალს გადაიღებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ტელესერიალის გადაღებები დაიწყება. “Inside Edge” - ასე ჰქვია ქართულ-ინდურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდუსერო კომპანია ფილმ პროდაქშენი იმუშავებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპ მოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს, ბოლივუდის ვარსკვლავი, ვივეკ ობერო (Vivek Oberoi) ასრულებს, რომელსაც არა ერთი საპატიო ჯილდო აქვს მოპოვებული.

“Inside Edge”-ის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

2018 წლის 10 მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 15 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი - ამჟამადაც მიმდინარეობს.

არსებული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი - ამერიკული.

ამ პროექტებზე ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.