როგორ აფასებენ დეპუტატები ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმებას

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება.  

"მოწყვლადი ჯგუფების მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება.  იმავდროულად, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით  მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას", - განაცხადა სოფო კილაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლგბტ აქტივისტების და "ქართული მარშის" მიერ აქციების გამართვაზე უარის თქმას დადებითად აფასებს.

ქუცნაშვილის თქმით, ლგბტ აქტივისტებმა აქციის გამართვაზე უარი არა დაუცველობის, არამედ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით თქვეს.

"ეს ორივე ჯგუფი იმდენად ანტაგონისტურად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ, რომ ერთის აქტივობა ახალისებს მეორეს გამოჩენას. აქედან გამომდინარე როცა ერთიც და მეორეც მოერიდა მათი დაპირისპირებული ძალების პროვოცირებას ეს უკვე ნიშნავს რომ ქართული დემოკრატიის კულტურა იზრდება. პროვოკატორებივით კი არ უნდა იქცეოდნენ არამედ როგორც ქვეყანაში და საზოგადოებაში მშვიდობის შემომტანები. მივესალმები ორივე ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა დაუცველობის შიშით არამედ პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც სწორია", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ლგბტ აქტივისტებს დაიცავს, ცინიკურს უწოდებს.

გოცირიძის თქმით, ყველა მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში და არა კორდონს მიღმა.

"როდესაც მთავრობა ამბობს რომ ის დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა. ის რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს. მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა.

ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ლგბტ აქტივების უსაფრთხოება უზუნველყოს.

კახიძის თქმით, უმცირესობებს არ აქვთ იმის განცდა, რომ მათი უფლებები ქვეყანაში დაცულია.

„აბსოლუტურად გასაგებია ლგბტ საზოგადოების წუხილი, რომ არ აქვთ განცდა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე. დღემდე გამოუძიებელია ხუთი წლის წინ მომხდარი დარბევა. იმ დანაშაულზე სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინა. იგივე მოხდა 12 მაისს, როდესაც მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ ძალადობისკენ მომწოდებელი პირების დაკავების ნაცვლად ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული აქციის მონაწილეები", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს.

თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.