გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ, რომ სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განაწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც ჩემს სიტუაიაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ასევე მადლობა მინისტრებს, გუნდის წევრებს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარეს, იმისათვის რომ მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, კვირიკაშვილი აღნიშნულ პოსტზე 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.