სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ისაუბრა.

გიგაურის თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება.  მისივე განმარტებით, ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

„ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს.  ასევე,  აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც  პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ  გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 21 ადამიანმა.

სამართალდამცავებმა  მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.