ცხინვალის „რეფერენდუმი“ – „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსი

2017-03-14



ავტორი გიორგი კაპანაძე

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმსაც ჩაატარებს. არაღიარებული ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: „თანახმა ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწოდოს „სახელმწიფო ალანია“?“

როგორც სეპარატისტების ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, მან ეს გადაწყვეტილება ე.წ. კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად მიიღო და ისიც აღნიშნა, რომ ამით მოსახლეობა ხმას მისცემს „დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოს“.

შეკითხვის ფორმულირებისთვის ცხინვალში დიდხანს იდავეს. დისკუსია მიმდინარეობდა 2 სახელწოდებაზე: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“, თუ „სახელმწიფო ალანია“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ადგილობრივი ისტორიკოსებიაც. ამ ორ სახელწოდებას შორის თითქოს არაფერია განსხვავება, თითქოს ორივე ერთნაირია, ან ერთი და იგივე. მაგრამ განსხვავება მათ შორის არსებობს არა მარტო სეპარატისტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. 

სახელწოდება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“ ძირითადად ანალოგია სახელწოდებისა „ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია”. ამ სახელწოდების მომხრეების მოტივი ასეთია: „რამდენადაც სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი ერთიანი ოსეთის ნაწილებია და ადრე თუ გვიან, რუსეთის შემადგენლობაში  უნდა გავერთიანდეთ, ამიტომაც უნდა ეწოდოს „სამხრეთ ოსეთი - ალანია.“

 „სახელწიფო ალანიას“ მომხრეები თვლიან, რომ „ალანია“ „ოსეთის“ ისტორიული  სახელწოდებაა და თუ არა ეს, სხვა რა უნდა ეწოდოს. თანაც - რატომ უნდა იყოს ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი და რატომ არა ცალკე სახელმწიფო?

სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებასა და საბოლოოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ცხინვალის სპერატისტი ლიდერები ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობდნენ. უფრო მეტიც - ამაზე რეფერენდუმის ჩატარებაც იყო დაგეგმილი, მაგრამ რეფერენდუმის იდეა, შეძლება ითქვას, ჯერჯერობით (და ალბათ სამუდამოდაც) ჩაიშალა. კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ საკითხს კრემლმა მწვანე შუქი არ აუნთო და ამიტომაც საკითხის აქტუალობაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ე.წ. ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, უკვე დაკარგეს იმის იმედი, რომ „დიდი რუსეთი“ ცხინვალის რეგიონს მიიერთებს. სწორედ ამიტომაც მათთვის დაკარგა აზრი სახელწოდებამ „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი - ალანია“ და უფრო ხელსაყრელი გახდა „სახელმწიფო ალანია“, მით უმეტეს, რომ უკვე მომწიფებას იწყებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების ტენდენცია.

 ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობამაც, როგორც ჩანს,  უკვე გარკვეული როლი შეასრულა. ფაქტია, რუსეთს არ სურს ცხინვალის რეგიონის მიერთება, თუმცაღა აღიარების უკან წაღებასაც არ აპირებს. რომ ჰკითხო, არც ოსებს უნდათ „დამოუკიდებლობის“ დათმობა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, რუსეთს ის არაფრად არგია. ამიტომაც შეიძლება ვექტორი საქართველოს სასიკეთოდ შემოტრიალდეს, თუკი შეთავაზება ოსებისთვის საქართველოს მხრიდან სახარბიელო იქნება.

რამდენადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა უარი თქვეს სახელწოდებაზე „სამხრეთ ოსეთი - ალანია“ და შეთანხმდნენ „სახელმწიფო ალანიაზე“, ეს უკვე იმას მიანიშნებს, რომ მათ შეფარვით უარი თქვეს ჩრდილოეთ ოსეთთან, შესაბამისად, რუსეთთან გაერთიანებაზე და „ცალკე სახელმწიფო“ სურთ. „ცალკე სახელმწიფო“ მათ ვერ ექნებათ, თუ ვინმეს არ მიეკედლნენ. ეს კი თავისი სუვერენული ატრიბუტიკით საქართველოს შემადგენლოლბაში უფრო გამოუვათ, ვიდრე რუსეთის, რადგან რუსეთმა უკვე თქვა უარი, როცა პუტინმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა: საქართველო აფხაზებთან და ოსებთან თვითონ მორიგდნესო. აფხაზები და ოსები უარს არ იტყვიან "დამოუკიდებლობაზე", თუ მათზე რუსეთმა არ მოახდინა "ზემოქმედება", რის შედეგადაც ისინი ერთიანი საქართველოს სუბიექტები გახდებიან. ეს აბსოლუტურად რეალურია, თუკი ჩვენი ხელისუფლება კონსტიტუციაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს იმის შესახებ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში გარკვეული სტატუსით დაბრუნდნენ.

აქედან გამომდინარე, რაკი ცხინვალის რეგიონის ხალხმა უკვე აჩვენა სახელწოდება „სახელმწიფო - ალანიას“ არჩევით ის, რომ მას რუსეთთან აღარ სურს, არამედ „ცალკე“, გამოდის, რომ მათთან მოლაპარკება უკვე შეიძლება და ეს შანსი ჩვენმა ხელისუფლებამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. კარგია, რომ უკვე არსებობს საქართველოს ფედერაციულ წყობილებაზე გარკვეული პროექტები. მუშაობა მიდის იმაზეც, რომ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს სწორედ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებისთვის. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.