რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის  დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალიან მკაფიო  და ბუნებრივი იყო ის გზავნილები, რომელიც საქართველომ თავისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღო.

ბაქრაძის შეფასებით, საქართველო- აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა, რომელიც  მეტ შესაძლებლობებს იძლევა:

 „თავისთავად ის დინამიკა, რომელიც გვაკავშირებს აშშ-სთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან, მიუთითებს იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც გვაქვს,  იმ მაღალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იმ პერსპექტივებზე, რომელიც გვაქვს ერთმანეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასე რომ, ვფიქრობთ, ჩვენ დღეს გადავშალეთ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი, რომელიც  გვიხსნის  კიდევ მეტ შესაძლებლობებს, რათა გავაღრმაოთ  უკვე არსებული ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თვალი გადავავლოთ დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაიკ პენსის რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას.

პენსის თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. 

მისივე გგანცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

მან მკაცრად დაგმო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"სულ 40 კილომეტრის დაშორებით, რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და მე ხაზს ვუსვამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. ",-განაცხადა მაიკ პენსმა.

პენსი დარწმუნებულია, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას.

როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას და საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, არამედ ეკონომიკურად.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელეთ ამ მყარ პოზიციაზე დგომა და კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი. უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა ასევე რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი საშუალებითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არამხოლოდ თავდაცვისუნარიანობის კუთხით, არამედ ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას. ეს მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ქვეყანას აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

საქართველოში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. 

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან. მაიკ პენსი შეხვდა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე ის ვიზიტის დასასრულს იმყოფებოდა ვაზიანში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებთან.