სახალხო დამცველმა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლგბტ თემის წარმომადგენელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც შეესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტს.

კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რწმუნების წარდგენის მიუხედავად არ რთავდა შენობაში ყოფნის ნებას. ამასთან, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა; თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით.

„საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებას სწავლობს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ.

სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც, სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება.“- ნათქვამია რეკომენდაციაში.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა საქმის საფუძვლიანი შესწავლა და პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა.

ასევე, უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და პოლიციელებს განემარტოთ სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების შესახებ.