მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილისთვის საწოლში ყოფნისასაა ნასროლი

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექპერტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილმა ჭრილობა თავის არეში მაშინ მიიღო, როდესაც საწოლში იწვა. მისივე თქმით, დასადგენია  მსროლელის მდგომარეობა.

ამიტომ, ნიკოლეიშვილი საქმეში მასთან ერთად ბალისტიკური ექპერტის ჩართვის  აუცილებლობაზე საუბრობს.

მაია ნიკოლეიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ სად დაასრულა ტყვიამ მოძრაობა.

“საწოლში მყოფზე რომ მოხდა ამ დაზიანების მიყენება, ეს ფაქტია. მაჩალიკაშვილის პოზა ჩვენ ვიცით, მაგრამ მსროლელის პოზის აღსადგენად იქნება ეს ტრაექტორია საჭირო. გამოძიებამ უნდა მოგვცეს ის ინფორმაცია, სად იყო ბოლო წერტილი. მარტო ჩემი, სამედიცინო ექსპერტის კომპენეტცია, ბოლომდე არ იქნება. აქ ბალისტის და სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობა ერთდროულად აუცილებელი იქნება“,-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში  გუშინ გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, გამთენიისას მდგომარეობა უკიდურესად გართულდა, 3-ჯერ გაჩერებული გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა მეოთხედ რეანიმაციული მოქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.  მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, მეორე დღეს  დილით იგი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.