ავსტრიის შს მინისტრი ულტრანაციონალისტი და ცნობილი ისლამოფობია

ავსტრიის მთავრობამ თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარი თქვა.  შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განცხადება ავსტრიულმა გამოცემა Krone -მ გაავრცელა.

„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ჩამოსვლა, ძალიან სარისკო იყო. ვენაში მაჩალიკაშვილის მკურნალობა ავსტრიის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა ჰერბერტ კიკლმა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობდა დიდი რისკი, რომ განხორციელდებოდა მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მცდელობა, ან თავდასხმა, რაც შესაძლოა მსხვერპლით დასრულებულიყო. ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი არ ყოფილა „ისლამური სახელმწიფოს“ უწყინარი წევრი. ის ტერორისტების ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სავარაუდო დამხმარე იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად იყენებს სიტყვას "სავარაუდოდ", "არსებული ცნობით" და არ მოჰყავს დამაჯერებელი ფაქტები, თუმცა საკმარისია გადავხედოთ, ვინ არის, რამდენიმე დღის წინ დანიშნული ავსტრიის შს მინისტრი ჰერბერტ კიკლი.

ბატონი კიკლი ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერის სებასტიან კურცის მთავრობის, მემარჯვენე და ამასთანავე ულტრანაციონალისტურ ფრთას წარმოადგენს. თავად ავსტრიის კანცლერს უკვე უწოდებენ მემარჯვენე პოპულისტს, ხოლო ოპონენტები მას რადიკალური ისლამოფობიური გამოვლინებების გამო მკაცრად აკრიტიკებენ.

მინისტრი კიკლი წარმოადგენს ანტისაემიგრაციო, ისლამოფობიურ, რადიკალურ მემარჯვენე,  "თავისუფლების პარტიას". ეს პარტია ფრანგი ნაციონალისტი პოლიტიკოსის მარი ლეპენის პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამასთანავე საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, "თავისუფლების პარტია" მჭიდროდ თანამშრომლობს ვლადიმერ პუტინის "იდინაია რასიასთან", მეტიც ამ ორ პარტიას ურთიერთშეთანხმების მემორანდუმიც აქვს გაფორმებული.

უნდა ითქვას, რომ პარტია, რომელსაც ამჟამად ავსტრიის ახლადგამომცხვარი შს მინისტრი წარმოადგენს, სკანდალის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, გასული თვის სექტემბერში, "ავსტრიის თავისუფლების პარტიის" ლიდერებმა უკრაინის ტეერიტორიული მთლიანობა არ სცნეს და ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდნენ. მაშინ პარტიის გენერალურ მდივან კიკლს თავის მართლებაც მოუწია.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მისი ულტრანაციონალისტური შეხედულებები, პოსტზეც დანიშვნის შემდეგაც ვერ დამალა და სკანდალში 2018 წელსაც გაეხვა. 

5 იანვარს ისლამოფობი შს მინისტრის გეგმა გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ავსტრიაში უნდა შეიქმნას დიდი საკონცენტრაციო ცენტრი,  სადაც მუსლიმური ქვეყნებიდან ავსტრიის ტერიტორიაზე განთავსებული დევნილების თავმოყრა მოხდება. კიკლის წინააღმდეგ ავსტრიის საზოგადოება და პოლიტიკური ნაწილი გამოვიდა. მინისტრი აშკარა ჩიხში მოექცა, რადგან ამხელა კრიტიკას არ ელოდა. სოციალურ ქსელებში, ასევე ოპონენტების მხრიდან ღიად  გამოითქვა მოსაზრება, რომ შს მინისტრი ნაცისტური გერმანიის დროინდელი საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას ცდილობს.

11 იანვარს შს მინისტრმა თავის მართლების განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სიტყვების შერჩევისას არ დაფიქრებულა და არ სურდა, მის მიმართვას პროვოკაციები გამოეწვია. ვენის ვიცე-მერმა მარია ვასილაკომ შს მინისტრი "ავსტრიის  ისტორიის ბნელი და საშინელი მონაკვეთის დაბრუნების, მიუღებელ და უპატიებელ თამაშში" დაადანაშაულა.

ცნობისთვის: ავსტრიაში მთავრობა ფაქტობრივად სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა. სამთავრობო კოალიციაში შევიდა ძველი, ტრადიციული კონსერვატიული ძალა - ავსტრიის სახალხო პარტია და ულტრანაციონალისტური " ავსტრიის თავისუფლების პარტია". ეს უკანასკნელი 1949 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად ვერმახტის ოფიცრებს აერთიანებდა.