„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს „სიტროენ ჯორჯიას“-ს სარჩელი დაუშვებლად სცნოს

სს “ჰიუნდაი ავტო საქართველო” კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს შპს “სიტროენ ჯორჯია”-ს სარჩელი დაუშვებლად სცნოს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც “ჰიუნდაი ავტო საქართველო”-ს განცხადებაშია აღნიშნული, "სიტროენ ჯორჯია“-ს მიერ გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

"შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მიერ, პრესის მეშვეობით გაკეთებული არაზუსტი, მცდარი და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თითქოს, საქართველოში მოქმედ, რიგ დამოუკიდებელ, კომპანას შორის არსებობს რაიმე სახის „კარტელური გარიგება“. გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე ნიუანსს: 1. შპს ,,სიტროენ ჯორჯია“-ს საჩივარი დაფუძნებული აქვს 25 ფაქტობრივ გარემოებაზე, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ან/და განზრახ დამახინჯებულად არის წარმოჩენილი 24 ფაქტობრივი გარემოება; 2. დარჩენილი 1 ფაქტობრივი გარემოება, უდავოდ სწორია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“ რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 20 მაისიდან და მის ამონაწერში მითითებულ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება. 3. უდავოა, რომ საფრანგეთის საელჩოს და ,,Automobiles Citroen SA“ განცხადებით, შპს „სიტროენ ჯორჯია“ არასდროს არ წარმოადგენდა სიტროენის ოფიციალურ დილერს და მას არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია Automobiles Citroen SA-სთან და აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ავტომობილების მომსახურე ცენტრი), რომლითაც ის განახორციელებდა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას. 4. ასევე დადასტურებულია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მონაწილეობა მიღებული აქვს,  ჯამში 5 ტენდერში და 2 გამარტივებულ შესყიდვაში, საიდანაც გაიმარჯვა 3 ტენდერში. ასევე, მასთან  ორი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაციების: სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს, შპს „EXPRESS“-ის, შპს „ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში შეყვანილია. დანარჩენი 2 (ორი) ტენდერთან მიმართებაში - 1 ტენდერიდან განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია და 1 ტენდერი  შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვებადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივანის მიერ აღნიშნული საჩივარის შეტანა ემსახურება კონკურენტი კომპანიების სახელის და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მის საკუთარ ვიწრო ინტერესებს და არაფერი საერთო არ გააჩნია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევასთან ან/და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის რაიმე სახის უკანონო შეთანხმების არსებობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) „სიტროენ ჯორჯიასთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. ბრალდებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისამართითაც გაჟღერდა.