“39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, საკეისრო კვეთას მთავაზობდნენ… შვილს მამიკომ შეურჩია უცხო სახელი” – ნინო მუმლაძე

“როდესაც 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ მე ამ ასაკში ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში” – გვითხრამსახიობმა ნინო მუმლაძემ,რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, დედა გახდა. ის ჩვენს მკითხველს ამ სასიამოვნო სიახლეზე ესაუბრება:

– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია. მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა, მაგრამ არავის დავუჯერე და ამის გამო ჩემი ექიმი ძალიან მაქებს – სწორი გადაწყვეტილება მიიღეო.

– თქვენს პატარას რა დაარქვით?

– სახელად უცხო სახელი – რონი დავარქვით. მე და ჩემი მეუღლე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ბევრი ვერსია გვქონდა, მაგრამ ბოლოს, მამიკომ ასეთი უცხო სახელი აურჩია. რონი ბრიტანული სახელია, თუმცა ისრაელშიც ბევრს ჰქვია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორი სახელიც აქვს. ჯერ რამდენიმე დღისაა, მაგრამ სულ აქეთ-იქით იყურება, ყველაფერს აკვირდება და ისეთი მიმიკები აქვს, რომ დიდი ადამიანი გეგონება… სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებსაც ასეულობით ბავშვისთვის მოუვლიათ, გაოცებით ამბობდნენ, როგორი აზრიანი თვალები აქვსო.

– თქვენი მეუღლე თუ გეხმარებათ მის მოვლაში?

– ჩემი მეუღლე მხატვარი გუგა გოგინაშვილია. ძალიან უხარია, მაგრამ მის ხელში აყვანას ვერ ბედავს, ეშინია, ასე ჰგონია, რომ რაღაცას დაუშავებს. ამიტომ, ურჩევნია რონი ჩემთან იყოს და ისე ეთამაშოს. თან მეუბნება: არ გეწყინოს, ცოტა რომ წამოიზრდება, მერე მოგეშველებიო. სხვათა შორის, გუგამ ჩემს მშობიარობაზეც ძალიან ინერვიულა, ვეხუმრებოდი: მე ვიმშობიარე და ცუდად შენ გახდი-მეთქი? განაგრძეთ კითხვა