“6 კვერცხში, ერთ კარაქსა და შავ პურში 26 ლარი გადავიხადე, ჩვენს თეატრში პენსიონერი მსახიობის ხელფასი 720 ლარამდეა. კვირაში ერთხელ მაინც ხომ უნდა იყიდო ხორცი?” – რას ამბობს მსახიობი ზურა ანთელავა

ზურაბ ანთელავა ჟურნალ „სარკესთან“ მსახიობებისა და თავისი გაჭირვებული ყოფის შესახებ წერს.

მცირე ხნის წინ მან სოციალური ქსელით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და სთხოვა მას, რომ თეატრის მოღვაწეებს, ვინც პენსიის ასაკშია, მიეცეს უფლება,ხელფასთან ერთად პენსიაც აიღონ.

„საპენსიო ასაკის მსახიობებს არ გვაქვს უფლება, რადგან ვმუშაობთ, ამავე დროს პენსიაც ავიღოთ…

იმედი მაქვს, გამოვა ეს ამბავი, რადგან ეს არ არის რთული ფინანსური პრობლემა ჩვენი ხელისუფლებისთვის. 150-მდე ადამიანისთვის რომ 270 ლარი გამოიმეტონ, ეს ხომ ჩვენ დაგვეხმარება ცხოვრებაში?!

დიდ თეატრებში პენსიონერი მსახიობის ხელფასი 500-დან 800 ლარამდე მერყეობს. ჩვენს თეატრში, ზუგდიდში, 720 ლარამდეა. კვირაში ერთხელ მაინც ხომ უნდა იყიდო ხორცი? კიდევ კარგი, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და წამლები არ მჭირდება, მაგრამ პროდუქტის საყიდლადაც არ გეყოფა. 6 კვერცხში, ერთ კარაქსა და შავ პურში 26 ლარი გადავიხადე…“