ირმა სოხაძე ქართველი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის “პირველ არხზე” იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი; 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი. ირმა სოხაძეს და მის მეუღლეს, რეზო ასათიანს, ორი ქალიშვილი, ნატა და სალომე ჰყავთ.
წლების შემდეგ ირმა სოხაძე კვლავ აქტიურია და პოპულარობას არ კარგავს. ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. აღსანიშნავია, რომ ის მუდმივად ფორმაშია, უყვარს თავის მოვლა და გემოვნებიანად ჩაცმა, თუმცა, როგორც მან ჟურნალ „გზას“ უთხრა, ძვირადღირებულ სამოსს არასდროს ყიდულობს:
„წლების განმავლობაში იმდენი ტანსაცმელი დამიგროვდა, რომ ყველაფერი მაქვს, ყველა ზომის, მოდელის. საკმაოდ კარგი გარდეობი მაქვს, სამოსის ხარისხითაც და რაოდენობითაც. ორი ჩემოდანი მაქვს ზაფხულის სარაფნებით, ტუნიკებით, პარეოებით… თუ რამე განსაკუთრებულად მომეწონება, ვიყიდი. ბევრი ბიუჯეტური მაღაზიაა. ძვირფას და „გაპრანჭულ“ მაღაზიაში ფეხს არ ვადგამ, რადგან ძალიან ამორალურად მეჩვენება, მაგალითად, ქვედაბოლოში 500 ლარი ან მეტი გადავიხადო. ზოგ მაღაზიაში სამოსს ისეთი მაღალი ფასები აქვს, მეცინება და გამოვდივარ…“ – აღნიშნავს ირმა სოხაძე.