„წიგნიდან: ხვიჩა: ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ბებიისა და ბაბუის შესახებ ისტორიას ჰყვება და წერს, რომ ხვიჩას ბებია ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ყოფილა და თან ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა.
გიორგი კეკელიძის ემოციურ ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩას ბაბუას – მამია კვარაცხელიას, კვარაცხელიების დინასტიის უხუცეს ფეხბურთელს, მეტსახელად „მაკრატელას“ – ამ საფეხბურთო ნომრის კარგი შესრულების გამო ეძახდნენ:
„ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. მაგრამ უცნაური – ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დასწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ – როცა პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი, მიკლოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს. ვინ იყო მიკლოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ,,ვეფხისტყაოსნის’’ ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგანცდის.
ხვიჩას ბაბუა – მამია კვარაცხელია, დინასტიის უხუცესი ფეხბურთელი. თავდაჭერილი და მშრომელი. მეტსახელად მაკრატელას ეძახდნენ – ამ საფეხბურთო ნომრის კარგი შესრულების გამო. ხოლო ფეხბურთს თამაშობდა დიდი ვნებით და ერთხელ, პიჯაკ-შარვალი ითხოვა, საგანგებო საქმეზე მიდიოდა წალენჯიხაში, დაინახა – სადღაც ბურთს აგორებდნენ უცხოები და ასე გამოწკეპილი შეერთდა. ეს თავის მხრივ შეამჩნია ნაკიფუსკენ მიმავლმა მგზავრმა და რადგან იცოდა რომ მაშინ ნაკიფუში პიჯაკ-შარვალი მხოლოდ ერთ კაცს ჰქონდა, ჩავიდა და მოახსენა – ,,მამია გაგიჟებულა, შენი საკუბოვე ტანსაცმლით ფეხბურთს თამაშობსო’’. ის კაცი მამიაზე უფრო გაგიჟდა და გავარდა წალენჯიხისკენ. როცა მიუხლოვდა და დაინახა დიდი თამაში იყო გაჩაღებული, თვითონაც მოუნდა და შეუერთდა. შეიძლება ჯაჯგურისას მამიას საკუთარი პიჯაკის მკლავიც ჩამოხია და იწვა მერე კუბოში დაკერებული სახელოთი. ასე უყვარდათ ფეხბურთი საქართველოში. ასე უყვართ და ეყვარებათ. წიგნიდან: ,,ხვიჩა: ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – წერს კეკელიძე.