ლალი, 50 წლის:
– 5 წელია, ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება… მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ძალიან პატარებმა შევქმენით. ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსწავლეებს შეგვიყვარდა და სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტეთ დაქორწინება. წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამ სიყვარულით და ერთურთის პატივისცემით შევძელით, ლამაზი ბუდე მოგვეწყო. ერთად იმდენი ვიშრომეთ, რომ შვილებს ცხოვრების მოწყობაშიც დავეხმარეთ… ჩემს მეუღლეს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა და როგორც კი დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში წამოვედით, ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი, რომელმაც გაამართლა. 2 ვაჟი გვყავს, უკვე ორივე სრულწლოვანია: ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე – თბილისშია.
იცით, რას მივხვდი? როცა სიღარიბეში გვიწევდა ცხოვრება, მე და ჩემს მეუღლეს მაშინ უფრო ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა კი, როცა ყველაფერი გვაქვს, ჩვენ შორის თითქოს, შავმა კატამ გაირბინაო, ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი არ დავანგრიეთ იმიტომ, რომ შვილები გვყავს და მათთვის ეს მტკივნეული იქნებოდა. თან, როგორც გითხარით, საერთო ბიზნესიც გვაერთიანებს და განქორწინება არც ერთს არ გვაძლევს ხელს. ჩვენი გრძნობების გაციება მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მეუღლეს საყვარელი არ ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, უკვე მოვბეზრდი და სულ ქეიფსა და დროს ტარებაზე ფიქრობს. ბოლო დროს ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა.
თითქოს ყველაფერი მქონდა, რაზეც ახალგაზრდობაში ვოცნებობდი, მაგრამ თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევდი. ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვიძინებდით. ჰოდა, ეტყობა მომბეზრდა ასეთი ურთიერთობა…
ერთ დღეს ავტომობილი გამიფუჭდა და ხელოსანთან მივიყვანე, თავად კი ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მოველაპარაკე, – მთელი დღე მომემსახურე და საღამოს გულს არ დაგწყვეტ, კარგად გადაგიხდი-მეთქი. ტაქსის მძღოლი ასაკით ჩემი ტოლი გახლდათ. მთელი დღეს ერთად მოგვიხდა ყოფნა და ერთმანეთი კარგადაც გავიცანით. საკმოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, თან – განათლებული, ზრდილობიანი. საღამოს, როცა საქმეების მოგვარებას მოვრჩი, ფული გადაუხადე და ისიც დავძინე: ჩემსავით, მთელი დღე შენც არაფერი გიჭამია. თუ გინდა, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. უარი არ უთქვამს. რესტორანში შევედით, ცოტა დავლიეთ კიდეც. რა თქმა უნდა, მეუღლეს მთელი დღე არ გავხსენებივარ… აღმოჩნდა, რომ ჩემს ახალ ნაცნობს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა. ცოტა რომ დავლიე, გავთამამდი და ისე მოხდა, რომ იმ კაცმა საღამოს საკუთარ სახლში მიმიყვანა, ის ღამე მასთან გავატარე… მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ. თბილი მამაკაცია და მომცა ის, რაც წლებია, ქმრისგან არ მიგრძნია. მითხარით, მოღალატე რომ გავხდი, ჩემი ბრალია? ქალი ვარ და მამაკაცის სითბო, ალერსი მჭირდებოდა.
5 წელია, მეგობარი მამაკაცი მყავს, მეუღლეს კი ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი. მისთვის მთავარია, რომ ბიზნესში ვეხმარები და სახლში იდეალური დიასახლისი ვარ. გამოდის, რომ ახლა ისე მიყურებს, როგორც მოსამსახურეს…
ფოტო პირობითია