“18 აპრილს დედიკო 29 წლის გახდებოდა” – გიგა ცხელიშვილი გარდაცვლილი მეუღლის ვიდეოს გვიზიარებს და ემოციურ წერილს აქვეყნებს

ბევრს ახსოვს გასული წლის 15 ნოემბერს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა – 28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა. გოგონა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი მეუღლე გიგა ცხელიშვილი იმ პერიოდში წერდა:

“ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება. ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით. ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ… მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს…

ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო სჭირდება… ილოცეთ მისთვის, ილოცეთ მისი პატარებისთვის… შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა – დაჩი და დანიელი, რომლებიც მაძლევენ იმის ძალას, რომ მეც ჩემ სიყვარულთან ერთად არ ვიყო მის მდგომარეობაში. ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში, მის ძმასთან ერთად…

უფალო მოახდინე სასწაული”.

მას მერე, გიგა ცხელიშვილი თავად ზრდის პატარა ტყუპ ვაჟს და სოციალურ ქსელში უამრავ ადამიანს უზიარებს ამბებს მათთან ერთად ყოველდღიური ცხოვრებიდან.

18 აპრილს შორენა ონიანი 29 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო ამ ასაკს და ვერც თავისი შვილების ჩახუტებით განცდილი ბედნიერება შეიგრძნო.

“18 აპრილს დედიკო 29 წლის გახდებოდა. თქვენ ხართ დედიკოს სიცოცხლის გამგრძელებელი…. დედიკო ასახელეთ, დედიკოს შოშიებო”, – წერს გიგა ცხელიშვილი და ვიდეოს გვიზიარებს.