21 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართულმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურმა მატჩმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესმა გამარჯვებამ მთელი საქართველო გააერთიანა.
მეტოქის 2:0 სხვაობით დამარცხება, ქართველმა ქომაგებმა ჯერ „დინამო არენაზე“, შემდეგ კი სტადიონს გარეთ იზეიმეს. ბილეთების სრულად გაყიდვის გამო, ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა თამაშზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა ორმა პატარა, უსაყვარლესმა ქომაგმა, ყველაფერი სცადა, რათა საქართველოს ნაკრების თამაში, მოედანზე ენახა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც თამაშის დაწყებამდეა გადაღებული – 2 მოზარდი ბიჭი „დინამო არენაზე“ შესვლას ცდილობს.
ვიდეოს ავტორი, დაჯი ლაპიაშვილი ფეისბუკში წერს: „სკოლიდან დაღლილები მოდიოდნენ და იმის ნაცვლად, სახლში გაქცეულიყვნენ, დინამოსთან მოვიდნენ რამდენიმე საათით ადრე და მზად იყვნენ, იქვე დაეცადათ, რა გზა არ ეძებეს, რა არ იფიქრეს… წამოსვლაზეც კი დაფიქრდნენ წამიერად, თუმცა თეთრქურთუკიანმა იხტიბარი არ გაიტეხა და, იმედი მაქვს, ისიამოვნეს ამ თამაშის სიხარულით“.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმიანება რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტის, მასშტაბური ქართული სასწავლო აკადემიის, „Skillwill საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი და სტატუსის კომენტარში წერს:
„ამ 2 ბავშვს თუ გვაპოვნინებთ, Skillwill Georgia-ს ნეო უნივერსიტეტში ჩავრიცხავთ უგამოცდოთ და სრული დაფინანსებით..
როცა გულით გინდა ყველაფერი გამოვა“.