“არის რაღაცები, რაც ჩემი ძმისთვის მისაღები არ არის და მისი მესმის. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, მეწყინა ის კომენტარები, რაც წავიკითხე. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა”

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა, ლამაზი გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას, თუმცა კომენტარებში ხალხის ნაწილი წერდა, რომ გოგონას ძმა ჩაგრავდა, ზოგიც ბიჭს უწონებდა საქციელს… ლამაზი და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანებია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ამჯერად მარიამი გამოეხმაურა:

“არის რაღაცები, რაც ჩემი ძმისთვის მისაღები არ არის და მისი მესმის. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, მეწყინა ის კომენტარები, რაც წავიკითხე. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა” – ამბობს მარიამი.
ამ ამბავზე ადრე კომენტარი მარიამის უფროსმა დამ, მეგიმაც გააკეთა:

“ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით. პატარძალს ძალიან ლამაზი თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა, მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-მეთქი. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა, მაინც მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო. სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში. მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება: “გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ”.

იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით, მარიამისთვის. მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.” – ამბობდა მეგი.

წყარო : Marao.ge