„ჩემი შვილები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩებიან… მათ გადალახეს უმძიმესი კრიტიკული დღეები“ – ნიაკოს და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე ემოციურ განცხადებას აკეთებს

15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი შვილების გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

„მოგესალმებით ყველას, საზოგადოების თითოეულ წევრს! სიმართლე გითხრათ, ვერც ვიაზრებ, რა ხდება ჩვენ თავს! გაოგნებული ვარ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით.

მადლობის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს და რადგან მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია, მინდა, სულ თავიდან მოვყვე და დავიწყო ჩვენი ქვეყნის ექიმების სასწაული პროფესიონალიზმისა და დაუზოგავი შრომის აღნიშვნით!

ჩემი გოგონები შემთხვევის წამიდანვე საოცრად მზრუნველი და პროფესიონალი ექიმების გარემოში აღმოჩნდნენ და ჩემთვის, როგორც დედისთვის, უპირველესი ნუგეში სწორედ ეს იყო…

დღეს, იმ საბედისწერო შემთხვევის დღიდან, სამი კვირაა გასული და სწორედ ამ ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, ჩემი შვილები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩებიან…

მათ გადალახეს უმძიმესი კრიტიკული დღეები და მჯერა, რომ მალე ისეთივე ძველ და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, როგორსაც აქამდე ეწეოდნენ!

ემოციებისგან დაღლილი და ამავდროულად აღელვებული ვარ, თურმე რამდენი კეთილი და უანგარო ადამიანისგან შედგება ჩვენი საზოგადოება!
ვაფასებ თითოეული თქვენგანის ლოცვას, კეთილ სიტყვას და შემონაწირს!…“, – წერს სოფიო ხარშილაძე.