ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის შესახებ ისტორიებს იხსენებენ, მათ შორის არის ესთეტიკური ცენტრის დირექტორი ზიზი ტატიშვილი, რომელიც იმ დღეებს იხსენებს, როდესაც კესო მათთან მუშაობის დასაწყებად დედამ მიიყვანა.
“21 წლის წინ სალონში შემოვიდა ლამაზი დედა-შვილი. გოგონა ჟღალი, წითური თმითა, მომღიმარი სახით და მე მიკითხეს! მაშინ გავიცანი კესუნა – ასე ვეძახდი. იმასაც ჰქონდა ჩემთვის სახელი. ინტერესიანი, გონიერი გოგო, რომელსაც კომპლექსი არ ჰქონდა.
თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული. საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი. დედამ ჩამაბარა და მითხრა, ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი, არავის დააჩაგვრინებთ. ძალიან თბილია და შეჩვევა იცის, ვიცი, რომ მიმიხედავთო!
მის მერე ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა. დედიკოს მეძახდა. პირველი ღრუბელიანი ბიუსტეჰალტერი რომ ვაჩუქე ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს!
ოპერაციის მერე დამირეკა – მტკივა და მომაკითხეო! ყველაფერი მისი მიხაროდა. რამდენიმე დღის წინ მომწერა, გულები გამომიგზავნა და მითხრა, რომ ვენატრები! კესუნა, ძალიან მტკივა!.. რა ცხოველმა გაგიმეტა ასე, ჩემო ღიმილიანო და თბილო გოგო! ძალიან მომენატრები!.. ყველასგან გამორჩეულო და ნიჭიერო ადამიანო!”