“დიდი ხანი ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია, ყველაფერი ჩემი წვალებით მაქვს” – სალომე კაპანაძემ ოცნების სახლი იყიდა

სალომე კაპანაძემ ჟურნალ “თბილისელებს” ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა რომ ოცნების სახლი შეიძინა.

– გავრცელდა ხმები, რომ შენ და დიასას შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო და ერთად ხართ. ეს სიმართლეა?

– ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, რაც პროექტი დასრულდა, დაახლოებით, ერთი თვეა. ვხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემია. პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, იმდენად საჯარო და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, ვაპირებდი და სულ ვამბობდი, თუ ისევ ურთიერთობას დავიწყებ, რა უნდა მოხდეს, რომ საჯაროდ გამოვიტანო-მეთქი (იცინის). მაგრამ, ვფიქრობ, დამალვას აზრი არ აქვს. სანამ ჭორები აგორდება, მირჩევნია, სიმართლე ჩემგან გაიგოს საზოგადოებამ. „პრაიმ ჰაუსში“ მე და დიასამ მთელი ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ, კამერებთან და ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით. ეს ოთხთვიანი ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება რომ დამთავრდა, მერე უფრო გავიაზრეთ და მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო ადამიანები ვიყავით. პროექტში საერთოდ სხვა ფიქრები, ემოციები და შეგრძნებები გაქვს, პირადი ურთიერთობისთვის რთულია, იქ მოიცალო. მოკლედ, პროექტში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და იქიდან რომ გამოვედით, კიდევ უფრო გაღრმავდა და დღეს იმ ეტაპზე ვართ, დამალვას აზრი არ აქვს. კიდევ ვამბობ, არ ვაპირებდი გასაჯაროებას, მაგრამ ჭორებიდან გაგებულს სჯობს, ეს ამბავი და სიმართლე თავად გავამხილო. ენერგეტიკულად ჩემი ადამიანია, ერთი ხასიათის ვართ და დამთხვევაა, რომ ორივე 5 თებერვალს დავიბადეთ, „მერწყულები“ ვართ. თუ ასტროლოგიური კუთხით შევხედავთ, არც ისეთი მარტივი ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენ შორის, მაგრამ ხასიათები, ინტერესები ერთნაირი გვაქვს. თუმცა, ამ ურთიერთობაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ვაღიარებ, დისკომფორტს განვიცდი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ არ მინდა ხალხისა და საზოგადოების ჩარევა, ჩვენს ურთიერთობაზე რომ ცუდი გავლენა მოახდინოს. გავამხილე, მაგრამ ჩვენზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ მინდა. ერთს გეტყვით, არ არსებობს, სადმე წავიქცე და არ წამოვდგე, ისევ არ გავაგრძელო გზა და არ ვიბრძოლო. ამდენი ხნის განმავლობაში, ხომ მოვდივარ მებრძოლი და ძლიერი ქალის სახელით, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დიასას გვერდით, თითქოს მოვდუნდი. ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, როცა ის ჩემ გვერდითაა, ცოტა ხნით მოვდუნდე, ვიყო მშვიდად და აღარ ვიყო ძლიერ და მებრძოლ ქალობაზე ორიენტირებული. კარგია, ქალი რომ ძლიერია, მაგრამ იღლები და ხვდები ამ სიძლიერესთან ერთად, ბედნიერიც უნდა იყო. ძლიერ ქალს ცოტა ხნით მოდუნებისა და მოშვების საშუალებაც გინდა და კარგია, რომ ამის საშუალება მომეცა. დიასას გვერდით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვდუნდები და ვხვდები, რომ ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარეა. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ დღეს ბედნიერი ვარ, კარგად ვარ და მშვიდი პერიოდი მაქვს.

– ეს წელი შენთვის სასიამოვნოდ დაიწყო. გარდა იმისა, რომ შენ გვერდით საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა, ასევე, აიხდინე დიდი ხნის ოცნება და საკუთარი, ახალი სახლიც გაქვს.

– დიდი ხანია, ვგეგმავდი სახლის ყიდვას და ეს ოცნებაც ავიხდინე. ბავშვობაში, ოცნებაში როგორ სახლსაც წარმოვიდგენდი, ზუსტად ისეთია. სხვათა შორის, ამაზეც გავრცელდა ჭორი, მაგრამ დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია. ჩემი ოცნების სახლიც მაქვს და რაც მთავარია, მაქვს საკუთარი, ცალკე გარდერობის ოთახი, რომელიც სულ მინდოდა, მქონოდა. სახლი ისე მოვაწყვე, როგორც მე მინდოდა, ჩემი გემოვნებით. ზოგადად, სულსწრაფი ვარ, რასაც ვიტყვი დღეს, დღესვე მინდა. სახლი დღესვე და ახლავე ვერ გამოვიდოდა, მაგრამ უსწრაფეს დროში გავაკეთე რემონტი, ავეჯიც შევიძინე და გადავედი საცხოვრებლად. ორი თვე დამჭირდა და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე – ბევრი განათებით, ღია ტონალობაში, კრემისფერი და ოქროსფერი დეტალებით. მიყვარს ნათელი ფერები და არ გადავტვირთე ზედმეტი დეტალებითა და ავეჯით. ძალიან მომწონს ჩემი ახალი სახლი, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. რომ შევდივარ ჩემს საოცნებო ბინაში და კარს მივიკეტავ, ამაყი ვარ, ვხვდები, რომ მაგარი გოგო ვარ, ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ჩემი სიძლიერე ისაა, რომ არ ვჩერდები, არ ვიხედები უკან, არ ვყოვნდები ერთ ადგილას, სულ წინ მივდივარ. ბინა ჩემი ოცნების ნაწილი იყო და ესეც ავიხდინე. გული მწყდება, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, ახალგაზრდა გოგომ, მარტომ, თავისი შრომით შეიქმნას საკუთარი ბედნიერება, აიხდინოს სურვილები. მანქანაა თუ სახლი, ყველაფერს ვიღაცას აწერენ, თითქოს სხვამ მიყიდა ან მაჩუქა. ამაზე გული მწყდება.