პოლ ალექსანდერი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც “ადამიანი რკინის ფილტვებით“, 12 მარტს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თაობებს დაუტოვა შეუპოვრობისა და ბრძოლის გმირული მაგალითი.
პოლს 1952 წელს, 6 წლის ასაკში დაუსვეს პოლიომიელიტის მწვავე ვირუსული დაავადების დიაგნოზი. ინფექციის მწვავე ფორმებისას, ვირუსი ნაწლავიდან გადაადგილდება და ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს, რომელიც თავის მხრივ კუნთების შესუსტებასა და საბოლოოდ, პარალიზებას იწვევს. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს. იმ დროისთვის კი, როდესაც პატარა პოლი დაინფიცირდა, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა ჯერ არ არსებობდა, მის შექმნამდე სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი…
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილი პაციენტი იხსენებდა, თავდაპირველად მას მშობლები სახლში მკურნალობდნენ, თუმცა 5 დღის შემდეგ, როდესაც სუნთქვა უკიდურესად გაუჭირდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სწორედ იქ მოათავსეს პირველად რკინის “უარყოფითი წნევის ვენტილატორში“.
როგორც 2020 წელს The Guardian წერდა, პოლი ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ პოლიომიელიტის გამო კისრიდან დაბლა თითქმის მთლიანად პარალიზებული დარჩა და ის, რაც მისმა დიაფრაგმამ ვეღარ შეძლო, “რკინის ფილტვებმა“ გააკეთეს.
პოლმა სიცოცხლის მომდევნო 72 წელი ზურგზე დაწოლილმა გაატარა. მას თავთან ბალიში ედო და დანარჩენი სხეულით ლითონის ცილინდრში იყო მოთავსებული.
მიუხედავად მისი მდგომარეობისა, გამძლე ბიჭი აგრძელებდა კოლეჯში სწავლას, გახდა იურისტი და გამოსცა წიგნიც.
”პოლი იყო წარმოუდგენელი მისაბაძი მაგალითი, რომელიც თაობებს ემახსოვრება“, – წერს გარდაცვლილის მეგობარი კრისტოფერ ულმერი GoFundMe გვერდზე, რომელიც პოლის სამედიცინო ხარჯების დასაფარად მანვე შექმნა. მის გარდაცვალებამდე სულ 143 461 დოლარი შეგროვდა.
მიუხედავად მისი მდგომარეობისა, პოლმა დატოვა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა. მათ შორის, გახდა გინესის მსოფლიო რეკორდსმენი, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი დრო გაატარა “რკინის ფილტვებში“.
ასევე, 21 წლის ასაკში გახდა პირველი ადამიანი, ვინც დალასის საშუალო სკოლა გაკვეთილზე ფიზიკურად დასწრების გარეშე დაამთავრა. სწავლობდა ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლაში. ის ათწლეულების განმავლობაში იყო ადვოკატი დალასსა და ფორტ უორტში. სასამართლოში კლიენტებს სამი ცალი კოსტიუმით და მოდიფიცირებული ინვალიდის ეტლით წარმოადგენდა, რომელიც მის პარალიზებულ სხეულს კარგად ვერც კი იჭერდა.
პოლ ალექსანდერი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც რკინის კაფსულის დახმარებით იცოცხლა. მსოფლიოს ახსოვს კიდევ ერთი ქალის, მარტა მეისონის შეუპოვრობის ამბავი, რომელმაც “რკინის ფილტვებში“ 60 წელი გაატარა.