“გოგონებო! ნუ დააჩოქებთ ბიჭებს ხელის თხოვნისას თქვენს წინაშე, ეს არაქართულია და ასევე არის – შეცდომა” – რაზე საუბრობს დეკანოზი ბასილი?

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ხელის თხოვნის ტრადიციებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს შეესაბამება თუ არა რელიგიურ წესებს:

“ბიჭები უჩოქებენ გოგონებს და ასე ,,თხოვენ ხელს”

დღეს უცხოეთიდან უამრავი წეს-ჩვეულებები შემოდის.

გენერირებული ,,ულტრა-ქართველი” ახალგაზრდები, ოღონდ უცხოეთიდან იყოს რაიმე შემოსული და მზად არიან მშობლებსაც კი შეაქციონ ზურგი…!

მშობლებიც, თავის მხრივ, გუნდრუკს უკმევენ ,,ევროპულ” შვილებს და ,,ღირსეული მომავლის” მოლოდინის შეგრძნება თვალ-სინდის-გონებას სრულიად უბნელებთ…!

ვაი, ჩვენს თავს, ქართველებო…

ერთ-ერთი ასეთი წეს-ჩვეულება ,,მანდილოსნების”

(იშვიათობაა მანდილოსნები, მაგრამ მაინც…) წინაშე დაჩოქება და ასეთ პოზაში მათთვის ,,ხელის თხოვნაა”.

ჯერ ერთი, როგორ დაეცა ქართველი ვაჟკაცის ბუნება, რომ იჩოქება ,,მანდილოსნის” წინაშე !

თავშივე რომ ქალებს უჩოქებენ და საერთოდ, ,,ულტრა-ქართველები” ვაჟკაცურ და ქალურ ღირსებებს რომ ვერ იაზრებენ, სწორედ ამიტომაცაა მათი მთელი შემდგომი თანაცხოვრებისას კაც-ქალის ფუნქციური უფლება-მოვალეობანი დაუბალანსებელი, რასაც მუდმივად გასდევს ლაიტმოტივად შფოთი, ერთმანეთის მოუთმენლობა, სიყვარულის დაშრეტა, ღალატი, სიძულვილი და ოჯახური ძალადობები…

ზოგადად ვიცოდეთ, რომ დაჩოქებას თავისი შინაარსობრივი და საკრალური დატვირთვა გააჩნია:

– იჩოქებიან, როდესაც თაყვანსცემენ …

– იჩოქებიან, როდესაც ნანობენ …

– იჩოქებიან, როდესაც მონობენ …

როგორ საფუძველზეც ააშენებ სახლს, ისეთი სიმტკიცისაც იქნება …

კაცსა და ქალს თავისი ღირსეული ადგილი ქცევა-ურთიერთობებში მაღალმა ღმერთმა იმთავითვე მიუჩინა… მხოლოდ საღმრთო კურთხევებისა და ღირსების აღმასრულებლები ჰპოვებენ ცისქვეშეთში მადლსა და ბედნიერებას…

მოდით დავუბრუნდეთ ,,ხელის თხოვნის” არაქართულ და თეატრალურ წარმოდგენებს და მასთან დაკავშირებულ საღმრთო კურთხევას.

ბიჭები აწყობენ სხვადასხვა პერფორმანსებს – მიდიან გოგონებთან, იჩოქებიან, აწვდიან ბეჭედს და თხოვენ ცოლად გაყოლას.

გოგონებიც იქვე თანხმდებიან …

გარდა იმისა, რომ ეს არაქართულია და არავაჟკაცური, ასევე არის – შეცდომა !

ეს საერთოდ არაქრისტიანული ქმედებაა და აი რატომ:

ბასილის დიდი თავის ,,85 კანონის” 38-ე მუხლში ბრძანებს:

,,დედაკაცები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული. მაგრამ ისინი არ იქნებიან ზიარებაზე შეწყნარებულნი, სანამ არ განიკანონებიან სამი წლით”.

ანუ, ნებისმიერ გოგონას უნდა ქონდეს მამის (თუ არ ყავს, მაშინ – დედის ან მოძღვრის…) თანხმობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ბიჭისთვის თანხმობის მიცემა ცოლობაზე (ოღონდ ღირსეულად – ყოველგვარი ხოხვა-ფოფხვის გარეშე …)

გოგონებო!

ნუ დააჩოქებთ ბიჭებს თქვენს წინაშე.

ეს მათი ღირსების შელახვაა…

ეს თქვენვე არ წაგადგებათ მომავალში…

ასეთი ქმედება სუსტი ოჯახის პირველი სიმპტომია …

ახალგაზრდებმა ყოველთვის უნდა იხელმძღვანელონ ქართული ადათ-წესებით, რომელიც დეტალურად არის განწერილი ქართულ გენეტიკაში…

ქართული ტრადიციების გათვალისწინებით ოჯახების შექმნა-წარმართვით, ახალგაზრდები გამოხატავენ უფლისადმი მორჩილებას, აღასრულებენ მე-5 მცნებას, რჯულის კანონს და შედეგად მიიღებენ ბედნიერებას, გამრავლებას, ხვავსა და ბარაქას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს, ტკბილ სიბერეს და ბოლოს კი – მარადიულ ნეტარებას

რაც შეეხება დაჩოქებას:

არც კაცმა ქალს, და არც ქალმა კაცს – არ უნდა დაუჩოქონ ერთმანეთს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სინანულით მოეკვეთებათ ერთს ან მეორეს (ან ორივეს) მუხლები, დაემხობიან და ისე ითხოვენ ერთმანეთისგან შენდობას

გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ”

წყარო