იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება წნევის მომატებასა და ვენურ დაავადებებს და არის თუ არა ამ პოზაში ჯდომა ორსულებისათვის სახიფათო – თემაზე გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” გიორგი ლორია და ლევან ქარაზანიშვილი საუბრობენ:
გიორგი ლორია: დიდხანს ფეხის ფეხზე გადადება და ასე დაჯდომა სასარგებლო არ არის. არასწორი დატვირთვა მიდის, განსაკუთრებით, წელის სეგმენტზე, ბარძაყისა და დუნდულას კუნთებზე. ამიტომ, ასე დიდხანს ჯდომა რეკომენდებული არ არის.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომა ორსულებისათვის განსაკუთრებით საზიანოა. თუმცა, არ არსებობს ჯდომის პოზიცია, რომელიც ორსულსა და ნაყოფს ზიანს აყენებს. რაც შეეხება ორსულებში ფეხების შეშუპებას. ვინაიდან საშვილოსნო იზრდება, თეძოს ვენებს და მცირე მენჯის ვენებს აწვება. იქ მექანიკური სტაზი ხდება, რაც ფეხების შეშუპებით გამოვლინდება. ამიტომ, ეს პრობლემა ფეხის ფეხზე გადადების ბრალი არ არის. ნებისმიერი სტილის ჯდომა ორსულისთვის აბსოლუტურად უვნებელია. მთავარია, მისთვის კომფორტული იყოს.
ლევან ქარაზანიშვილი: კვლევებითაა დადასტურებული, რომ როდესაც ფეხი მუხლთანაა გადადებული, მაშინ წნევა შესამჩნევად იმატებს. თუ კოჭებზეა გადაჯვარედინებული, მაშინ წნევის ცვალებადობა არ არის. ამავე კვლევის მიხედვით, წნევა მცირედით იცვლება, თუ კოჭს მეორე ფეხის მუხლზე შემოვიდებთ. წნევის გაზომვის დროს ფეხი ფეხზე არ უნდა გადავიდოთ.
გიორგი ლორია: ფეხის ფეხზე გადადება ვარიკოზულ დაავადებებს არ იწვევს. ვენების ვარიკოზული დაავადება ვენების სარქვლების დაავადებაა. ამიტომ, ადამიანი ფეხის ფეხზე გადადებით ვარიკოზულ ვენების დაავადებას ვერ დაიმართებს. სარქვლოვანი პრობლემაა და არა მექანიკური კომპრესიის.
ლევან ქარაზანიშვილი: თუმცა, შესაძლოა ვარიკოზული დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. მუდმივად მჯდომარე მდგომარეობაში ვენებში წნევა მატულობს, შესაბამისად, თუ ადამიანს ვენური სარქვლების დეფექტი ან მიდრეკილება აქვს, შესაძლოა, პრობლემა გამწვავდეს. ფეხები ადამიანს იმიტომ უშუპდება, რომ წნევა მატულობს, წნევა დიდი რაოდენობით სისხლს დაიტევს და ფეხები გვისივდება. ამიტომ, არა მარტო ფეხის ფეხზე გადადებით, არამედ მჯდომარე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა რეკომენდებული არ არის.
გიორგი ლორია: პოზიცია ხშირად უნდა ვცვალოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
30-40 წუთში პოზა შევცვალოთ, ავდგეთ, გავიაროთ, გამოვიაროთ… ეს ყველას ეხება.
ნახეთ სრულად Mshoblebi.ge-ზე