საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილებების ინიციირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება, მეორე ნაწილი კი პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
ცვლილებებით, დემონსტრანტს მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორებიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიაქტიური ნივთიერებები და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
პროექტის მიხედვით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.
კანონპროექტის მიხედვით, ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.
იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. კერძოდ, მათ განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ 2025 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის პირველ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ასევე, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა – 500 ლარი, ხოლო ათი სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება. რაც შეეხება კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
ამავე პროექტით, სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევისთვის. კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. დასჯადი იქნება პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც, კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
წყარო : პრაიმტაიმი