ქალმა გაქვავებული ნაყოფი 56 წელი მუცლით ისე ატარა, რომ ორსულობა არც უგრძვნია… ” მუცელში “ქვის ბავშვი” ჰყავდა”

81 წლის ბრაზილიელი დანიელა ალმეიდა ექიმთან მუცლის ტკივილის ჩივილით მივიდა. ის შვიდი შვილის დედა გახლდათ, თუმცა ბოლოს კლინიკაში 1968 წელს იწვა, როცა ნაბოლარა შვილი გააჩინა. მისი შვილები ამბობენ, რომ დანიელა არ ენდობოდა ტრადიციულ მედიცინას და ექიმების ყოველთვის ეშინოდა. თუ რამე სტკიოდა, უბრალოდ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა და ელოდა, როდის გაქრებოდა ტკივილი თავისით.

ბოლო დროს ქალი ტკივილებმა ისე შეაწუხა, რომ საშარდე გზების ანთებაზე ჩივილით ექიმს მიმართა. მედიკოსები ეჭვობდნენ, რომ დანიელას კიბო ჰქონდა, მაგრამ რეალობა მართლაც განსაცვიფრებელი აღმოჩნდა

3D სკანირებამ აჩვენა, რომ ქალი 56 წლის წინ ისევ დაორსულდა. მაგრამ ეს გარე ორსულობა აღმოჩნდა, ანუ ნაყოფი საშვილოსნოს გარეთ, მუცლის ღრუში ჩამოყალიბდა. ის ადრეულ სტადიაზე გარდაიცვალა, თუმცა დანიელას არც უგრძვნია, რომ ორსულად იყო. საბოლოოდ იშვიათი მოვლენა, ლითოპედიონი გამოვლინდა. ეს საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს მუცელში ხანგრძლივად დარჩენილი გაკირული ჩანასახია. მას „ქვის ბავშვსაც“ უწოდებენ. ისტორიაში 300-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი.

ლითოპედიონი არის გაქვავებული ნაყოფი, რომელიც საშვილოსნოში ან მუცლის ღრუში გარდაიცვალა. როგორც წესი, გარდაცვლილი ნაყოფის გარშემო წარმოიქმნება კალციუმის გარსი. ასე იცავს ორგანიზმი თავს მკვდარი ქსოვილისგან და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ზოგჯერ ლითოპედიონი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს.

პირველი ასეთი შემთხვევა 1582 წელს 68 წლის ფრანგ ქალ კოლომბ ჩატრისთან აფიქსირდა. ამბობენ, რომ იგი მთელი ცხოვრება უჩიოდა “შეშუპებულ, მძიმე და მტკივნეულ” კუჭს. მისი გარდაცვალების შემდეგ გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ქალს 28 წლის განმავლობაში მუცელში “ქვის ბავშვი” ჰყავდა.

ახლახან დანიელას ნაყოფის მოსაშორებლად გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. სამწუხაროდ, 81 წლის ქალმა ქირურგიული ჩარევა ვერ გადაიტანა და მეორე დღეს რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ბოლო წლებში ასეთი შემთხვევები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება. 2013 წელს ექიმებს ასაკოვანმა კოლუმბიელმა ქალმა მიმართა მენჯის არეში ტკივილებით. აღმოჩნდა, რომ იგი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლითოპედიონს ატარებდა. მანამდე, 2009 წელს, მსგავს შემთხვევაზე იაპონელი ექიმები საუბრობდნენ. მათი პაციენტი 50 წლის ლითოპედიონით უკვე 92 წლის იყო.

2021 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა 73 წლის ალჟირელი პაციენტის შესახებ, რომლის ნაყოფიც განვითარების 7 თვის ვადაზე გარდაიცვალა. ქალი 35 წლის განმავლობაში 4,5 კგ-იანი ლითოპედიონით დადიოდა.