ამ დღეებში, კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ქმარმა ცოლი მოკლა – ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ქალი ადგილზევე გარდაიცვალა! 2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს – ასეთია ფემიციდად წოდებული ტრაგედიის სტატისტიკა, რომლის უკან გაუბედურებული ოჯახები და დაობლებული შვილები დგანან!
რა ხდება ჩვენს თავს? – რატომ იქცა ჩვენი მშვენიერი ქვეყანა ქალთა სასაკლაოდ? – ამის თაობაზე „კვირის პალიტრას“ ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ესაუბრება:
– ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს: ქართველი ქალი იმდენად განვითარდა და წინ წავიდა, რომ ქართველი კაცი ვეღარ ეწევა. ქალებმა შეძლეს თავი გამოეჩინათ ისეთ სფეროებში, სადაც ადრე წამყვანი პოზიციები მამაკაცებს ეკავათ, მათ შეძლეს კარიერული წინსვლა და, ამავდროულად, საკუთარი უფლებების და თავისუფლების დაცვა – მოკლედ, ქართველმა ქალმა იმ დონეს მიაღწია, რაც აზიური ქვეყნებისთვის და აზიური მენტალიტეტისთვის უცხოა. გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ან შუა აზიას – ქართველი ქალი ამ ქვეყნების მკვიდრებს არა ჰგავს, ის უფრო ევროპელი ქალია, რომელსაც აზიური მენტალიტეტი არ მოსწონს. ცუდია, რომ ზოგიერთი მამაკაცი ამას ვერ აცნობიერებს.
– ბოლო წლებში მომხდარ ფემიციდის ფაქტებს თუ გადავხედავთ, ეს ქალები ყოფილმა ქმრებმა ან შეყვარებულებმა მოკლეს, რით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა?
– ასეთია მესაკუთრული ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი – ყოფილი ქმარი ფიქრობს: კი, გავეყარე, მაგრამ ეს ქალი მაინც ჩემი საკუთრებაა, მას არა აქვს უფლება, ახალი ცხოვრება დაიწყოს და უჩემოდ ბედნიერი იყოსო… ასეთი არამზადები თავს უფლებას აძლევენ, რომ ქალს, რომელიც ფეხზე ძლივს წამოდგა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, შეურაცხყოფა მიაყენონ, სცემონ ან უარეს შემთხვევაში – სიცოცხლეს გამოასალმონ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ფემიციდის მსხვერპლი, უმეტესად, ყოფილი ცოლი ხდება, თუმცა, მოკლულებს შორის მოქმედი მეუღლეებიც არიან. ვფიქრობ, რომ ასე პრიმიტიული აზროვნების მქონე, გაუნათლებელი ხალხი აზროვნებს: ასეთი კაცები მიიჩნევენ, რომ ცოლი მისი საკუთრებაა და როგორც უნდათ, ისე მოექცევიან.
“მერე რა, რომ ყოფილი ცოლია, ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი” – ასეთი, ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანები, არასწორი აღზრდის შედეგად ყალიბდებიან. ქალზე ძალადობა დაახლოებით იგივეა, რომ პატარა ბავშვს სცემო, რადგან ისიც უმწეოა და თავს ვერ დაიცავს – ფიზიკურად მამაკაცზე სუსტია და ვერ მოერევა. ამიტომ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სიმდაბლეა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო, ჩემს ახლობლებს შორის, ასეთი მამაკაცები არ არიან.
– ქალბატონო ლიზა, ეს მხოლოდ განათლების დაბალი დონით ვერ აიხსნება: ძალადობაში ბევრი ცნობილი ადამიანია მხილებული, რომელსაც არც ცოდნა აკლია და არც განათლება.
– მათ პატარაობიდანვე არ ჩაუნერგეს, რომ ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად თანასწორია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა კი არა, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი არ შეიძლება.
– ფემიციდის შემთხვევებს, ხშირად, აფექტის მდგომარეობას აბრალებენ, ეს შეიძლება იყოს გამართლება?
– კი მაგრამ, რა აფექტი უნდა გქონდეს ისეთი, რომ ავტობუსში ახვიდე, სადაც შენი ყოფილი ცოლი ზის, შვილების თვალწინ დანა დაარტყა და სიცოცხლეს გამოასალმო? – ზუსტად ასეთი დანაშაული მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ! ამ დროს რომელ აფექტზეა ლაპარაკი?! ყოფილი ცოლია, რა უფლებით მიდიხარ მასთან, რა უფლებით ლანძღავ და ეჩხუბები? ამგვარ საქციელს გამართლება არა აქვს. კიდევ კარგი, რომ ასეთი მამაკაცები ცოტანი არიან, მაგრამ რომ არიან, ეს უკვე პრობლემაა – ამ ადამიანებმა ასეულობით ქალის სიცოცხლე შეიწირეს, რომ არაფერი ვთქვათ ქალის ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე!
– თუმცა, ფაქტია, რომ მსგავს დანაშაულს ქალებიც სჩადიან.
– სჩადიან, მაგრამ ისინი ერთეულები არიან! ჩვენ ახლა ავადმყოფებზე ან კრიმინალებზე არ ვსაუბრობთ – ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ამ საზოგადოების წევრები და მისი შვილები არიან, თუმცა შედარებით დაბალ ფენებზე რა უნდა ვთქვათ, როცა ქვეყნის პარლამენტშიც იგივე ხდება? – რა შეურაცხყოფას აყენებენ ან რა სიტყვები ისმის ქალების მისამართით, ხომ ვხედავ?! ახლა ქალთა კვოტირების სისტემაც გააუქმეს – პოლიტიკოს ქალებს დახმარება არ სჭირდებათ, ისედაც კარგად არიანო.
სულ თვალწინ მიდგას, როგორ მოიქცა ბექა ოდიშარია თავისი კოლეგა ქალის მიმართ! ასეთ ხალხს პარლამენტში რა უნდა? ისედაც, პარლამენტში ლანღვა-გინება ვის გაუგია?! ესენი არიან საკანონმდებლო ორგანოს წევრები? ამათ უნდა დაგვიწესონ კანონები? როგორ შეიძლება ამდენი გინება, მუშტი-კრივი და ჩხუბი ან ქალების მიმართ ამდენი შეურაცხყოფა?! კი მაგრამ, ეს ხალხი დედამ არ შობა და გაზარდა? საკუთარ ოჯახშიც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქალების მიმართ? როგორი ზიზღი და სიძულვილი უნდა გქონდეს შენი კოლეგის მიმართ, რომ ასეთი სიტყვებით მიმართო? მე ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი გასარიცხია პარლამენტიდან.
– ყველაზე ცუდია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ მოხდა – თითქოს ცივი წყალი გადაგვასხეს და გამარჯვების სიხარული ჩაგვიკლეს!
– დიახ, ოდიშარიებმა ის მუხტი ჩაგვიკლეს, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებამ მოგვიტანა, მაგრამ გამარჯვების სურვილს და მომავლის რწმენას მაინც ვერავინ წაგვართმევს!
– როგორ ფიქრობთ, სად არის გამოსავალი? – რა უნდა იღონოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ დღევანდელი ბავშვები მოძალადეებად არ ჩამოყალიბდნენ?
– მე ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ რაც წამიკითხავს და მსმენია, ყველა მოძალადე მამაკაცი თვითონაც ძალადობრივ ოჯახში იზრდებოდა. პატარა ბიჭი ხედავს, როგორ უსწორდება მისი მამა, ბაბუა ან ოჯახის წევრი თავის ახლობელ ქალს და ფსიქოლოგიური ტრავმით იზრდება, მაგრამ მოზრდილ ასაკში უკვე ფიქრობს, რომ ეს ოჯახის სწორი მოდელია.
ამიტომ, როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეები გოგონებს ჩაგრავენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა “გაატაროს”, პირიქით, უნდა დაელაპარაკოს და ყველაფერი სწორად აუხსნას. მსგავსი ფაქტების გულგრილად ყურება არ შეიძლება.
აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს – ამას ჩემი ოჯახის მაგალითითაც ვამბობ: ამ დღეებში ჩემმა შვილიშვილმა სკოლიდან პატარა პლაკატი მოიტანა და გახარებულმა მითხრა – იცი, ბებო, მეგობრებს ქრომოსომებს არ უთვლიანო. თურმე, მასწავლებელმა აუხსნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პატარები თანატოლებისგან განსხვავდებიან, მაგრამ ისინი სხვებისგან არ უნდა გამოარჩიონ. მე დარწმუნებული, ვარ, რომ ის სწორედ ასე მოიქცევა და არასდროს დაამცირებს მისგან განსხვავებულ კლასელს ან მეგობარს… სწორი აზროვნების და სწორი ქცევის ჩამოყალიბებას თავიდანვე, პირველი კლასებიდანვე, დიდი მნიშვნელობა აქვს და მასწავლებლის როლი ამ საქმეში გადამწყვეტია. თუ პედაგოგი ხედავს, რომ კლასში მუდმივად ვიღაცას ჩაგრავენ, ამცირებენ და ამას ყურადღებას არ აქცევს, მჩაგვრელი უფრო თამამდება და ჰგონია, რომ მას ყველაფერი ეპატიება.
– თუმცა ბავშვი პიროვნებად მაინც ოჯახში უნდა ჩამოყალიბდეს…
– გეთანხმებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც, დღეს მშობლებს შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ, ამიტომ აღზრდაზე მარტო ოჯახი კი არა, სკოლა, განათლების სისტემა და მთელი ჩვენი საზოგადოება ერთად უნდა ზრუნავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა – მოზარდებმა მათივე კლასელი მოკლეს! როგორ, სკოლამ არ იცოდა მათ შორის რა ხდებოდა?! – რასაკვირველია, იცოდა, მაგრამ თავის დროზე ყურადღება არავინ მიაქცია.
ასეთ დროს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ გულგრილად თვალს არიდებს.
ასე არიდებენ თვალს მეზობლის, ან ნათესავის ოჯახში მომხდარ ძალადობის ფატებსაც, რაც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიით სრულდება.
ამიტომ იმ ქალებს, რომლებიც მოძალადესთან ერთად ცხოვრობენ, უნდა ვთხოვოთ, რომ დროულად მოშორდნენ. ასეთი ოჯახის შენარჩუნებას დიდხანს მაინც ვერ შეძლებენ, თან, ასეთ დროს ყველაზე საბრალო ბავშვია!
ქალმა მოძალადე ქმარი არ უნდა მოითმინოს!
ყველაფერს მოახერხებს – ან ბინას იქირავებს, ან მეგობარი შეიკედლებს, ან იმუშავებს და სამსახურიდან დაეხმარებიან, მთავარია, მოძალადესთან არ გაჩერდეს და შვილების ფსიქიკა არასწორი, მახინჯი ურთიერთობებით არ დააზიანოს.
„კვირის პალიტრა“