“რომ ვიღვიძებ თავი 10-ვარსკვლავიან სასტუმროში მგონია” – ნახეთ როგორი ბინა შეიძინა ინფლუენსერმა თამაზ ლოხიშვილმა

პოპულარული ინფლუენსერი თამაზა საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, სადაც ყველაფერი თავის გემოვნებით მოაწყო და ახლა ახდენილი ოცნებით ტკბება.

თამაზა ჟურნალ თბილისელებს ესაუბრა.

თამაზა ლოხიშვილი: ძალიან გახარებული ვარ, ბინა შევიძინე და ზუსტად ისე გავარემონტე, როგორც მინდოდა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ახლა ისეთი ბინა მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი. ბინის ყიდვა და ნორმალური რემონტის გაკეთება ხუთი წლის წინაც შემეძლო, მაგრამ ვარჩიე, მომეთმინა და ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რის გამოც, ძალიან ბედნიერი ვარ. ახალ სახლში თავიდან ბოლომდე ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე, თუმცა, მეგობრების რჩევებიც გავითვალისწინე. მინდოდა, ყველასგან განსხვავებული ბინა მქონოდა. ისეთი, აქამდე რომ არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის თვალიერება ძალიან მიყვარს და ყველგან ყველა დეტალს ვაკვირდები, არ მინდოდა, ვინმეს სახლის კოპირება გამეკეთებინა. მინდოდა, ჩემი ბინა თამაზისეული ყოფილიყო და გამომივიდა კიდეც. ვფიქრობ, რომ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცი ვარ და რატომაც არა?! (იცინის) ტექნიკის კუთხით კი, ძალიან მინდოდა, ბინა თანამედროვე ყოფილიყო. ამიტომ ყველაფერი ისეთი ვიყიდე, რაც ბოლოს გამოვიდა. რაც შეეხება, ავეჯს, მინდოდა, ისეთი შემერჩია, რომ წლების მერეც აქტუალური და მოდური ყოფილიყო და თან, რაც მთავარია, მეც მომწონებოდა.

– ბინა როგორ მდგომარეობაში იყიდე?

– თეთრი კარკასი ვიყიდე, მაგრამ ყველაფერი დავანგრიე და კედლები ხელმეორედ, ჩემი გემოვნებით გადავტიხრე. ცენტრალური გათბობის გაყვანილობაც გავაუქმე და თავიდან გავაკეთე, იმიტომ, რომ მინდოდა, იატაკის გათბობაც მქონოდა და კედლისაც. ყველაფერი თავიდან გავაკეთე ისე, რომ არცერთი თეთრი არ დამნანებია. საბოლოო ჯამში, ისე გავაკეთე, რომ შოკი-პიკი-პანიკა გამოვიდა (იცინის).

– ახლა ყველას გაუჩნდება კითხვა – საიდან ამდენი ფულიო?

– როგორც იცით, საქართველოში ერთ-ერთი მოთხოვნადი ინფლუენსერი ვარ. ამას ემატება ისიც, რომ მიმყავს კორპორაციული საღამოები, ასევე, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ვმუშაობ განვითარების მენეჯერად. დილის 7-იდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობ. ეს მე სიამოვნებას მანიჭებს. მინდა, ყოველთვის ძალიან დატვირთული ვიყო, რომ ფიქრისთვის დრო არ მქონდეს. როცა ამის დრო მაქვს, მაშინ დეპრესიაში ვვარდები. ამიტომ საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრის საშუალებას არ ვაძლევ (იცინის). ბევრს ვშრომობ და აქედან გამომდინარე, შევძელი ამ ყველაფრის გაკეთება.

დედა ემიგრაციაშია და ფინანსურად ისიც ძალიან აქტიურად მეხმარებოდა ბინის შეძენასა და გარემონტებაში, მიუხედავად იმისა, რომ მანაც იყიდა ცალკე ბინა თავისთვის, რომელსაც ახლა არემონტებს. ეს ჩემთვის თბილისში პირველი ბინაა, მანამდე ნაგირავებში ვცხოვრობდი და მიხარია, რომ ზუსტად ისეთი გამომივიდა, როგორიც ბედნიერებას მანიჭებს.