ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება მოსკოველი რძლის შესახებ.
– ახლახან მეორე ვაჟი, გიორგიც დაქორწინდა და ულამაზესი, სამდღიანი ქორწილიც გქონდათ. ვინ არის მისი რჩეული?
– ულამაზესი ვერა ჩემი ტურისტი იყო. მოსკოველია და საკმაოდ წარჩინებული ოჯახის შვილი, ბულგაკოვის შთამომავალი. სხვათა შორის, გიორგის ცოლთან დაკავშირებითაც მაქვს უცნაური ისტორია – როცა 2016 წელს მოსკოვში წიგნი გამოვეცი, გიორგი წავიყვანე. არ უნდოდა წამოსვლა, წაიკითხა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და მითხრა: წამოვალ თუ იქ წამიყვან, სადაც ეს მოქმედება ხდებოდა და ეს რაიონი მაჩვენეო. როცა ჩავიყვანე, მართლა წავიყვანე, ჩამოვსხედით იმ სკამზე, სადაც ოსტატი და მარგარიტა ისხდნენ, გაიხედა უკან, ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი და მითხრა: აი, აქ ვიცხოვრებდიო. გავიდა წლები, ვერა ჩემთან ჩამოვიდა დასასვენებლად, შეუყვარდათ მას და ჩემს შვილს ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ვერას ბებია გარდაეცვალა. ჩემი შვილს არ ეცალა და მარტო წავედი. წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ ბინაში ცხოვრობს ვერა, რომლის ფანჯრისკენ გიორგიმ ხელი გაიშვირა. სასწაულები მართლაც ხდება. რაც შეეხება ქორწილს, გადავიხადეთ თბილისის ზღვის კლუბში. მე ამ კლუბის დირექტორი ვარ. ძალიან ბევრი სანათესავო მყავს უცხოეთში და ქორწილამდე, მთელი ერთი კვირა, აეროპორტში დავდიოდი და ვხვდებოდი რეისებს, ხან ჟენევიდან, ხან მილანიდან, ხან პარიზიდან, ხან პეტერბურგიდან, ხან საიდან და ხან საიდან (იცინის). პრაქტიკულად ერთი კვირა აეროპორტში მომიწია ცხოვრება (იცინის). ულამაზესი ქორწილი გამოვიდა, 600 კაციანი და სამდღიანი. პირველ დღეს იყო 600-კაცი, მეორე დღეს – 200, მესამე დღეს კი 70 კაცი კახეთში დავპატიჟე. ამ ყველაფერში ჩაბმული ვიყავით ყველა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგის მამას, მიშიკოს. ჩვენ ბიზნესპარტნიორებიც ვართ და უახლოესი მეგობრებიც. სანდროს მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სხვათა შორის, ათი წლის წინ, სანდროს ქორწილიც მიშიკომ გადაიხადა თბილისის ზღვაზე და არანაკლებად პომპეზური და ლამაზი იყო. არცერთს არ გვაქვს ოჯახი, ვთვლით, რომ ერთმანეთის ოჯახი ჩვენ ვართ და მე და მიშიკო ერთმანეთის ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ვართ. სამსახურში ერთად ვართ, დაბადების დღეებზე, ახალ წელს, განსაკუთრებულ დღეებში, რა ვიცი, თავიდან თუ გახდა ხელის მოწერა საჭირო, არც ეგ არაა პრობლემა (იცინის). 30 წელია, ერთმანეთის გულშემატკივრები და უახლოესი ადამიანები ვართ, ბევრი რამ ერთად გამოვიარეთ, დავრწმუნდით, რომ ერთმანეთზე ერთგული არავინ გვყავს და აწი, რაღა უნდა მოხდეს ისეთი.