იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რამდენი ხანი ინახება სააღდგომო კვერცხი.
მისი თქმით, კვერცხი გამორჩეული ალერგენია და რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი შენახვის პირობების დაცვა.
„გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება – ინტოქსიკაცია. პირველ რიგში, სასურველია, კვერცხი შეინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროში, არამედ მაცივრის სიღრმეში, იქ ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია. ასევე, უმჯობესია კვერცხი შეინახოთ პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩოში, რითაც მაღაზიაში ყიდულობთ. ეს არის იდეალური ადგილი შენახვისთვის.
მარტივი რჩევაა, რომ კვერცხი მაგრად იყოს მოხარშული, სასურველია იხარშებოდეს 12 წუთის განმავლობაში, არანაკლებ 10 წუთისა. კვერცხის შემთხვევაში გვაქვს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი. ეს შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც.
მისი მოხარშვის პირობები და ყველა ეს რჩევა ამ ინფექციას თავიდან აგვაცილებს. თუ კვერცხი გარედან არის დაბინძურებული, კარგად გარეცხეთ თბილი წლით და საპნით.
შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას. ასევე, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე დაალაგეთ, ეცადეთ ის კვერცხი, რომელიც მაგიდაზე გიდევთ და არა მაცივარში არ გამოიყენოთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“.