“საღამოს 5 საათის შემდგომ ხილი აღარ მიირთვათ… ამ დროს ინსულინი “იძინებს” და თუ “გავაღვიძებთ”, მთელი ღამე ჩვენს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის აშენებას მოემსახურება” – ენდოკრინოლოგი ხილთან სიფრთხილეზე

თუ გულის ფრიალი, ოფლიანობა, გონების დაბინდვა, ან ტრემორი, იგივე კანკალი გაქვთ, ეს სიმპტომები შესაძლოა, სისხლში შაქრის დაბალ დონეზე მიუთითებდეს. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ბევრ შაქარს ვიღებთ, რომელი პროდუქტები შეიცავენ ყველაზე მეტ შაქარს და ასევე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სეზონურ ხილს – თემაზე ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

– გაზაფხულის დადგომა ძალიან გემრიელ და მრავალფეროვან ხილთან და ბოსტნეულთან ასოცირდება.

ალუჩა გაზაფხულის ერთ-ერთი დედოფალი ხილია. მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა A ვიტამინი, რაც ჩვენი მხედველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, სასქესო ჰორმონების სინთეზისათვის აუცილებელია. ალუჩა იმაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე შეიძლება ციტრუსებში იყოს. ასევე, შეიცავს ორგანულ მჟავებსაც. ამიტომაც, ალუჩა სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაგალითად, წყლულოვანი დაავადებები აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ალუჩა გემოდ არც თუ ისე ტკბილი ხილია, შაქარსაც შეიცავს. თუ ჩვენ ალუჩას დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მოვიხმართ, ან საღამოს საათებში მივირთმევთ, მასში შემავალმა შაქარმა, ანუ გლუკოზამ, შეიძლება, ჩვენს წონაში მომატებას ხელი შეუწყოს. ამიტომ, რაოდენობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არ მოგვატყუოს იმან, რომ გემოთი ტკბილი ხილი არ არის.

ზოგადად, არა მხოლოდ ალუჩა, ყველა სახეობის ხილი ჯობს, დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. ხილი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათში შაქარიც ბევრია. ამიტომ, ხილი საღამოს საათებში არ უნდა მივიღოთ. ძალიან ხშირად ქალები, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა დიეტაზე აქტიურად გადადიან, შეცდომას უშვებენ და ჰგონიათ, რომ საღამოს მიღებული ხილი დიეტური ულუფაა. სინამდვილეში ასე სულაც არ არის. საღამოს უმჯობესია, ბოსტნეული, თევზი, მოხარშული ქათმის ხორცი მიირთვან, ვიდრე ხილი.

ალუჩა, როგორც აღვნიშნეთ, შაქარს შეიცავს და თუ შაქარს მარილსაც დავამატებთ, ეს ჩვენს ორგანიზმში სითხის შეკავებას, შეშუპებას, წონაში მომატებას ხელ შეუწყობს და იმ ადამიანებს, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს და არტერიული ჰიპერტენზია აქვს, შესაძლოა, აღნიშნული დაავადებები გაუმწვავდეთ. ამიტომაც, მარილით მიღებული ალუჩა, მით უმეტეს, საღამოს საათებში, რეკომენდებული არ არის. ალუჩა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებსაც, როგორებიცაა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი. ასევე, მის წვენს, როგორც მატონიზირებელ საშუალებას ისე აღიქვამს ჩვენი ორგანიზმის და შესაძლოა, წყურვილის შეგრძნებაც კი მოგვიკლას. ამიტომ, ალუჩის სასარგებლო თვისებები რომ მივიღოთ, უმჯობესია, მარილის გარეშე, დღის პირველ ნახევარში მივირთვათ.

ზაფხულის დღეები ნესვისა და საზამთროს გემრიელი არომატების გარეშე წარმოუდგენელია. ნესვი და საზამთრო დიდი რაოდენობით შეიცავენ წყალში ხსნად ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები. საზამთრო დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს, რომელიც ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია. ასევე, შეიცავენ P ჯგუფის ვიტამინებსაც, რაც ნებისმიერი ორგანოს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. დიდი რაოდენობით შეიცავენ წყალს. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზამთროსა და ნესვის გლიკემიური ინდექსი ძალიან მაღალია. ანუ, მათში შაქრის შემცველობა მაღალია. განსაკუთრებით, ნესვში. ასევე, მათში არსებული შაქარი ჩვენს ორგანიზმში ძალიან სწრაფად და მარტივად შეიწოვება. ამიტომაც, აღნიშნულ ხილს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნენ ის პაციენტები, ვისაც პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ისინი სისხლში შაქრის დონის ზრდას ხელს უწყობენ. მონოდიეტების გამოყენება,მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ხილის, ცილის ან წყლის მიღება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მსგავსმა დიეტებმა შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ხელი შეუწყოს. თუ ადამიანს ვიტამინების, მიკროელემენტების დეფიციტი აქვს, მონოდიეტების დროს დეფიციტს კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ. თუ ამ ხილს საღამოს მივიღებთ, ეს ძალიან საშიშია იმიტომ, რომ ზედმეტად მიღებულ შაქარზე იღვიძებს ისეთი ჰორმონი, როგორიცაა ინსულინი. თუ საღამოს ინსულინს “გავაღვიძებთ”, ის მთელი ღამე ჩვენს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის აშენებას მოემსახურება.

გარგარი ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ხილია. ის დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია. ასევე, მასში არსებული ორგანული მჟავები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ისიც შაქარს შეიცავს და უმჯობესია, როგორც ცალკე დესერტი, დილის საათებში მივირთვათ. ძალიან ხშირად ადამიანები, როდესაც ისაუზმებენ, ისადილებენ ხილს დააყოლებენ. ეს შეცდომაა. ჯობს, ხილი საუზმესა და სადილს, ან სადილსა და ვახშამს შორის მონაკვეთში მივიღოთ. საღამოს 5 საათის შემდგომ უმჯობესია, ხილი აღარ მივირთვათ იმიტომ, რომ ამ დროს ინსულინი “იძინებს” და ჯობს, აღარ გამოვაფხიზლოთ.

ბალი, ალუბალი, მარწყვი B ჯგუფის ვიტამინებით უხვადაა დაჯილდოებული. ასევე, დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავენ. განსაკუთრებით, მარწყვი. მარწყვი იმაზე გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ციტრუსები. ასევე, ალუბალი, ბალი, მარწყვი ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ანტიოქსიდანტები კი ჩვენს ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებებს ბოჭავენ. ამიტომაც, აღნიშნულ ხილს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.

ზაფხულში ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში მხოლოდ ხილს მიირთმევს. მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხილი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მართალია, ეს შაქარი ორგანიზმისათვის უფრო კარგი და ჯანსაღი საწვავია, ვიდრე, მაგალითად, შოკოლადი, ვაფლი თუ სხვა ტკბილეული. მაგრამ ზედმეტად მიღებული ჯანსაღი შაქარი ცხიმოვან ქსოვილში გადადის და წონაში მატებას ხელს უწყობს.

ატამი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და მისი მიღება ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რადგანაც, ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმიდან, ოფლის სახით, სითხის დანაკარგი დიდია. ასევე, ატამი სხვადასხვა მიკროელემენტს შეიცავს, როგორებიცაა, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, რაც ჩვენი ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან ხშირად ის ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით ტკბილს მიირთმევენ, შესაძლოა, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ორგანიზმში ბევრი შაქარია.

პირველი ნიშანი არის ის, რომ ტკბილზე დამოკიდებულები ხდებიან. რაც უფრო მეტ ტკბილს მიიღებენ, იმის ნაცვლად, რომ დანაყრდნენ, პირიქით, მალევე ისევ ტკბილი უნდებათ. თუნდაც კარგი, ნოყიერი სადილი მიირთვან, სიამოვნების შეგრძნება მაინც არ აქვთ, თუ ტკბილი არ მიაყოლეს.

ბევრი ტკბილის მიღებას შეიძლება სისხლში შაქრის ვარდნა მოჰყვეს. უცნაურია, თითქოს, ბევრ ტკბილს ვიღებთ, მაგრამ სისხლში შაქრის დონე მაინც ვარდება… ჰიპოგლიკემიის დროს შეიძლება, გონების დაბინდვის ეპიზოდი, ტრემორი, ანუ კიდურების კანკალი აღგენიშნებოდეთ. ცივმა ოფლმა დაგასხათ. ეს სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს სისხლში შაქრის დონე დაბალია. ადამიანს უჩნდება ძლიერი სურვილი, რომ ტკბილი მიიღოს. როგორც კი ტკბილს მიიღებს, სიმპტომები ქრება. აღნიშნული ფაქტი ვითარდება იმიტომ, რომ რაც უფრო მეტ ტკბილს ვიღებთ, მით უფრო მეტი ინსულინი გამოთავისუფლდება. ამიტომ, გამოსავალი ბალანსირებულ კვებაშია, რომ ორგანიზმში ინსულინის დონე დარეგულირდეს. ასევე, შაქრის ვარდნა დიაბეტის მაუწყებელია. დიაბეტი მაღალი შაქრით კი არა, სისხლში შაქრის ვარდნით იწყება. ამიტომაც, იმ ადამიანებმა, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები აქვთ, ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმიტომ, რომ ეს დროთა განმავლობაში შესაძლოა, შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ში გადაიზარდოს.

წყარო : Mshoblebi.ge