სამი ქორწინება, 7 წლით უმცროსი ქმარი და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში – მაკა ზამბახიძის ცხოვრებისა და კარიერის უცნობი ამბები

მაკა ზამბახიძე 1983 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (ახლანდელი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სიმღერა 7 წლიდან დაიწყო, ჯილდოც დაიმსახურა – „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთვის „ამ პატარას, იმ პატარას“.

2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“. 2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“. 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ერთად შექმნა „დუეტი ჯორჯია“ და ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.

ბოლო წლებია სოლო-კარიერით დაკავდა, თუმცა „დუეტი ჯორჯია“ ნამდვილი ტრამპლინი იყო. ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად სიმღერა „ესა-მესას“ ასახელებს. 2015 წელს წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და ცნობილ ტელესახე და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავდა შოუ „ორი ვარსკვლავი“. დაწყებული აქვს მზადება სოლო-ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“. აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.

მაკა ზამბახიძის პირადი ცხოვრება
მომღერლის პირველი ქმარი მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძე იყო. ის ამჟამად ანსამბლ “აკაპელა-საქართველოს” სოლისტია და მოსკოვში ცხოვრობს. მაკას და ნოდარს ერთი ქალიშვილი, სალომე ჰყავთ.

მომღერლის მეორე ქმარი ბანკირი ვახო ჭუმბურიძე იყო. მათი ოჯახური ცხოვრება 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა. წყვილი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდა. ვახომ მეორედ იქორწინა.

მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.

მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მომღერალი თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინტენსიურად არ გვთავაზობდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და მისი “ინსტაგრამი” მიხეილთან გადაღებულ არაერთ ფოტოს იტევს.

მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს.

“იმდენად მოულოდნელად მოგვევლინა მიქაელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 38 წლის ასაკში ბებიობა, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა, კიდევ უფრო გამაახალგაზრდავა და საოცარი ემოციებით ამავსო. საოცარ სახელებს ვუგონებ და მთავარი სახელი, რამაც პოპულარობა მოუპოვა მიქაელს, ეს არის „ქოქოსი“. იმდენად აიტაცა ხალხმა ეს სახელი და მოეწონათ, რომ ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც იცის.

წყარო : Marao.ge