კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, 2024 წლის მარტში შევიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც კომისიამ აბონენტთან 24-საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა.
„ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტმომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24-საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <50 მილიწამს. ასევე, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 2969 მილიწამს, ეს მაჩვენებელი კი ხელშეკრულების პირობებით <400 უნდა იყოს.
გარდა ამისა, ტესტით დადგინდა ისიც, რომ დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი 9.48 პროცენტს შეადგენდა, როდესაც, ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული სამ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ „სილქნეტის“ მხრიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ოპერატორი წერილობით გააფრთხილა და აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომუნიკაციების კომისია მომხმარებლებს შეახსენებს, რომ შეუძლიათ, ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას ნებისმიერ დროს მიმართონ, რადგან მომხმარებლის უფლებების დაცვა კომუნიკაციების კომისიის მთავარი პრიორიტეტია.