“სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად ზედმეტია, თუკი ეროვნულებიც ექნებათ ჩასაბარებელი… მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში საგნები არჩევითი უნდა იყოს, რათა უნივერსიტეტებმა უკეთესად მომზადებული სტუდენტები მიიღონ” – თეა გვასალია

განათლების და მეცნიერებს სამინისტრომ ახალახან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ახალი პროექტი გამოაქვეყნა. ბუნებრივია, მას საზოგადოების მხრიდან მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკას ჟურნალისტი და მთარგმნელი, სამი შვილის დედა თეა გვასალია გამოეხმაურა.

“ტელევიზიებში რა ხდება არ ვიცი, შეიძლება იქაც აქტუალურია ეს თემა, მაგრამ აქ, ფბ-ზე, შემოაგდებს რომელიმე სააგენტო მასწავლებლის, ან მშობლის ან განათლების ე.წ. ექსპერტის (ისე, ნეტა სად, რომელ ორგანიზაციაში არიგებენ ამ ექსპერტების წოდებას ) აზრს განათლების რიგით ხუთიათას მეშვიდე რეფორმის შესახებ და ხოცავს ხალხი ერთმანეთს კომენტარებში, უნდა იყოს თუ არა გამოცდები, თუ კი – რომელ კლასებში (ისეთებიც არიან, ამტკიცებენ, მეთორმეტეშიც უნდა იყოს და ერვნულებიც ჩააბარონ, სხვა რა საქმე აქვთო ), ზოგი ბოლო ოთხი კლასის ნიშნებით უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიღებას ემხრობა, ზოგი სამწლიან ბაკალავრიატს აპროტესტებს, ზოგი მაგისტრატურის ონლაინ გავლის შესაძლებლობას.

განათლების სამნისტრო გვპირდება გრანდიოზულ რეფორმაზე ვმუშაობთო და ვართ ასე, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში. თუ სამინისტროს მშობლების აზრიც აინტერესებს, დავწერ ჩემსას. გამოცდილება, იცოცხლე, მაქვს. ელენემ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, მელანო და სანდრო მომავალ წელს ამთავრებენ და თუ სასწაული არ მოხდა, მელანოც ოქროს მედლით დატოვებს ჩვენი საყვარელი „ეკზიუპერის“ კედლებს. ჰოდა, მე, როგორც განათლების სისტემაში კარგად გათვითცნობიერებულ მშობელს, ასეთი აზრი მაქვს:

პირველიდან მეხუთე კლასს უნდა ერქვას დაწყებითი განათლება და მეხუთე კლასის ბოლოს ჩატარდეს გამოცდა, უპირველეს ყოვლისა, მშობელს რომ შეექმნას წარმოდგენა, როგორ დასძლია მისმა შვილმა სწავლის პირველი ხუთწლედი.

მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით მოსწავლე მიიღებს საშუალო განთლებას. მეათე კლასის შემდეგაც კი ბატონო, ჩატარდეს გამოცდები, ვისაც პროფესიული განათლების მიღება უნდა, აიღებს საშუალო განათლების ატესტატს და სწავლას შესაბამის კოლეჯში გააგრძელებს.

სკოლაში დარჩენილთათვის, ბოლო ორი წელი, ანუ მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში, საგნები არჩევითი უნდა იყოს, რათა უნივერსიტეტებმა უკეთესად მომზადებული სტუდენტები მიიღონ.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად ზედმეტია, თუკი ეროვნულებიც ექნებათ ჩასაბარებელი. სამწუხაროდ, არ მგონია ჩვენთან ბოლო 4 წლის ნიშნებით უმაღლეს სასაწავლებელში ჩარიცხვამ გაამართლოს. აი იქ წავა აღებ-მიცემობა, თუ წავა და ამდენ სკოლას და ამდენ მასწავლებელს ვინ გააკონტროლებს.

ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, ცოტა დასახვეწი კია, განსაკუთრებით მათემატიკის გამოცდა, რომლის შემდგენლები აშკარად მხოლოდ კომაროვის და ვეკუას

სკოლადამთავრებული ბავშვებისთვის წერენ მაგალითებს, მაგრამ ეს ყველაზე ადვილი გამოსასწორებელია.

ოღონდ ნებისმიერი სახლის მშენებლობა საძირკვლიდან უნდა დაიწყოს და არა სახურავიდან. ანუ გამოცდებამდე სახელმძღვანელოები უნდა დაიხვეწოს კი არა და, თავიდან დაიწეროს და რაც მთავარია, მასწავლებლის პროფესია ერთ – ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნდა გახდეს სკოლაში ახალგაზრდა, მცოდნე კადრების მისაზიდად.” – წერს თეა გვასალია.