„თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, რომელიც არ უნდა მოსდგომოდა ენაზე “შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან”, ეკლესიასთან განვითარებული ეს სცენა ჩემთვის…” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ?

13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო მსვლელობისას, კერძოდ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ „უპატივცემულოდ სასტიკ ბრალდადასტურებულ პატიმარსაც არ უნდა მოექცე, არათუ ადამიანს, რომელიც შენს წარმოდგენაში არ იქცევა ისე, როგორც შენ სიტყვა-სიტყვით მოგერგებოდა და მოგეწონებოდა“.

„თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, რომელიც არ უნდა მოსდგომოდა ენაზე “შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან”, (რაღა შვილი შე კაიადამიანო? კიდევ დაზაფვრა უნდა ხალხს? შენ რომ მოკვდები, მოგასვენებენ ჩემთანო, ეს საშინელებაც კი უკეთესი იქნებოდა რომ ეთქვა, ყველაზე უკეთესი კი ის იქნებოდა, მოსანათლად ან საქორწინოდ, ან გარდაცვლილი ბებიის პანაშვიდისთვის მოხვალო), ეკლესიასთან განვითარებული ეს სცენა, რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის.

სასულიერო პირების სხვა მოქალაქეებთან თანაბარი სამართლებრივი დამოკიდებულება, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ჯანსაღი კრიტიკა არის ისეთივე აუცილებელი პროცესი, როგორც საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკა, ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა და სხვა, მაგრამ უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც ერის კიდევ უფრო გახლეჩას, ერთმანეთის უნდობლობას იწვევს და გულს სტკენს სხვას იმდენად, რომ ელემენტარულ ურთიერთობას ვეღარ ამყარებ ამ ადამიანებთან, ის საქართველო არაა, როგორსაც ვნატრობ.

უპატივცემულოდ სასტიკ ბრალდადასტურებულ პატიმარსაც არ უნდა მოექცე, არათუ ადამიანს, რომელიც შენს წარმოდგენაში არ იქცევა ისე, როგორც შენ სიტყვა-სიტყვით მოგერგებოდა და მოგეწონებოდა.

საერთოდაც, სანამ ვინმეს საჯარო სასამართლოს მოუწყობ, დალაპარაკება უნდა სცადო, პირადად გაცნობა, შენი ტკივილის და არგუმენტების მასთან მიტანა. შესაძლოა ქადაგების ფრაგმენტი არ მოგწონდეს, მაგრამ მთლიანი არსით არ იყოს ვიღაც შენი „მტერი“. იქნებ შეხვედრით, დიალოგით მეტი ურთიერთგაგება შედგეს, ვიდრე წინასწარ ბრალის წაყენება და ხიდების მსხვრევა ისედაც ნამსხვრევებად ქცეულ ქვეყანაში“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.