“თვალი მითამაშებს…” – რა იწვევს ქუთუთოების უნებლიე კრთომას და რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში თვალის უნებლიე კრთომის შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ ძირითად მიზეზებს, რაც აღნიშნულ პრობლემას იწვევს:

– მიოკიმია ქუთუთოების უნებლიე სპაზმია. როდესაც ადამიანებს ეს სიმპტომი აღენიშნებათ, ფიქრობენ ხოლმე, გაფანტული სკლეროზი ან თავის ტვინის სიმსივნე ხომ არ აქვთ. რეალურად ასე არ არის. ქუთუთოების უნებლიე მოძრაობის ყველაზე ხშირი მიზეზები უფრო მარტივი რაღაცებია.

მაგალითად, ეს შეიძლება, მაგნიუმის დეფიციტით იყოს გამოწვეული. თუ პაციენტი შარდმდენებს სვამს, დანიშნული აქვს წნევის დამწევი საშუალებები, რაც ასევე შეიცავს შარდმდენებს, ან ხანგრძლივად კუჭის დამცავებს იყენებს, სვამს ანტიბიოტიკებს – ასეთ მოცემულობებში მას შეიძლება, მაგნიუმის ნაკლებობა ჰქონდეს. როდესაც სხეულში საკმარისი რაოდენობის მაგნიუმი არ არის, ქუთუთოების უნებლიე სპაზმი იწყება.

გარდა ამისა, ეს შეიძლება, კოფეინის ჭარბი მიღებით იყოს გამოწვეული. თუ ადამიანი დღეში 4-6 ჭიქა ყავას სვამს, ან მიირთმევს 2-ს მაგრამ ძალიან ძლიერს, კიდევ ამატებს ენერგეტიკულ სასმელს, ასეთ შემთხვევაში, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით კოფეინია, ეს ქუთუთოების სპაზმს გამოიწვევს.

ასევე, ქუთუთოების სპაზმი შეიძლება, ძილის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული. თუ ადამიანს დღის განმავლობაში 8 საათი არ სძინავს და ძილის ხანგრძლივობა 3-4 საათია, ქუთუთოების კუნთები ძალიან დაძაბულია და ეს მათ უნებლიე მოძრაობას იწვევს.

ქუთუთოების სპაზმს ხანგრძლივი მუშაობაც იწვევს. თუ ადამიანი დღეში 10-16 საათს მუშაობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში, ქუთუთოების კუნთები ძალიან დაძაბულია და მერე ეს მათ უნებლიე მოძრაობებს იწვევს. ანალოგიური ხდება მაშინაც, როცა ადამიანი ეკრანს ხანგრძლივად უყურებს.

როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

  • თუ გინდათ, რომ ქუთუთოების კუნთების სპაზმი სწრაფად მოიხსნათ, სითბო იდეალური საშუალებაა. ამიტომ, თბილი საფენები გამოიყენეთ.
  • თუ საკმარისად არ გძინავთ, ძილის პრობლემის მოგვარება სცადეთ.
  • თუ ხანგრძლივად იყენებთ შარდმდენებს, კუჭის დამცავებს, წნევის დამაქვეითებელ საშუალებებს, მაშინ მაგნიუმის შემოწმება და მისი შევსება იქნებოდა სწორი. მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებაც დაგეხმარებათ, რომ ქუთუთოების უნებლიე სპაზმი თავიდან აირიდოთ.
  • თუ დიდი რაოდენობით კოფეინს იღებთ, მასაც უნდა მიხედოთ, რადგან, როგორც ვთქვი, სამწუხაროდ, კოფეინი ქუთუთოების სპაზმს ხელს უწყობს

წყარო : Mshoblebi.ge