ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი“ დატოვა. გადაცემა “პრაიმშოუში“, რომლის წამყვანიც რვა წლის განმავლობაში იყო, ახლა მას ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პროცესების გართულების ფონზე, გადაცემა ნინიმდე სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მოდელსა და ტელეწამყვანს, მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
ნინი ამბობს, რომ ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი დრო დარჩება ვიდრე აქამდე. მომღერალს ასევე წინასაახალწლო კონცერტების პერიოდში ქართული ესტრადის მისამართით წამოსულ ბულინგზე ვესაუბრეთ, როდესაც მათ დიდ ნაწილს, სამთავრობო კონცერტებზე უარის თქმამ მოუწიათ, ზოგმა კი რესტორნებში საახალწლო საღამოები გააუქმა
– ნინი, გავრცელებული ინფორმაციით, “იმედზე“ გადაცემა “პრაიმ შოუ“ დატოვეთ. ახლა ეთერში ძველი ჩანაწერები გადის და თებერვლიდან ეკო ფანგანი შეგცვლით.
– დიახ, ასეა. ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე.
– ბოლო დროს, ჟურნალისტები ლამის ტელეწამყვანად გიხსენებდით…
– თითქმის ასე იყო. დიდი ხანი ვიყავით ერთად, მადლობას ვეტყვი ნოეს, რომ მომცა საშუალება ამ კუთხით მეცადა თავი. რვა წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი დღეები გვქონდა, ყველა მათგანი ჩემი მეგობარია.