ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ტრისტან სარალიძეს, რომელიც 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება რუსთაველის ეროვნული თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა, 1980 წლიდან მოყოლებული, 44 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პერსონაჟი განასახიერა.
„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს!
ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კაი რა… ჩემო საყვარელო, ტრისტან…“ – წერს მსახიობი პაატა გულიაშვილი.
„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“,-წერს ედმონდ მინაშვილი.
ტრისტან სარალიძეს სიყვარულით იხსენებს რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა…
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის…
არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება…
ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს, სახლში წაიყვანეთო… უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო! თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო, გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება… რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება… შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.