„ზუსტად 21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა…“ – რას ყვება დათო ლიკლიკაძე

დათო ლიკლიკაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ დედისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დედა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა:

„მოკლედ, ზუსტად 21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა. გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა. მამაჩემს ეუბნებოდა: ნოდარი, მოკალი, შენმა შვილმა ეს ყვითელი „მაიკა“ თუ უნდა ჩაიცვას, კაცობის ამას არაფერი აცხიაო. კაი, თამილა, აცადე, რაც უნდა, ის ჩაიცვასო, – ეს რომ თქვა მამაჩემმა, მაშინ ატყდა კივილი, მაგრამ რა ატყდა. მამაჩემი სახლიდან გაიქცა, მე ვერ გავასწარი და ზურგში ჩამცა მამაჩემის სქელი ქამარი. იმ დღის მერე ყვითელ ფერს რომ ვუყურებ ახლაც დედაჩემის კივილი ჩამესმის და ზურგი მეწვის (იცინის). ახალი თაობის მკითხველისთვის განვმარტავ, რომ მაშინ მთელ თაობას შავი ფერი გვეცვა, ყვითელი მკვეთრად განსხვავებულს ნიშნავდა. სხვათა შორის, დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. მიაჩნდა, რომ გენიოსი ვიყავი, ძალიან ნიჭიერი და ეს დამაჯერა (იცინის). დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე.

ქუთაისში ხომ ისედაც ყველას, ჩემი ჩათვლით, გენიოსი ჰგონია თავი, დედაჩემი მთლად მაგიჟებდა. ტელევიზორში პირველად რომ გამოვჩნდი, კი გახსოვთ, რას ვგავდი და დედაჩემმა, შენნაირი ლამაზი ტელევიზორში ჯერ არავინ გამოჩენილაო (იცინის)“.