3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა!” – რა სასწაული მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბავშვი თბილისში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ.
“კვირის პალიტრა” ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები აღწერა:
“დემეტრე, რომელიც მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში. ამბავს დემეტრეს პატარა მეგობარი შეესწრო.
საბედნიეროდ, მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, – დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, – მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო.
იმწამსვე დემეტრეს მამა, გიორგი მოვარდა და ჭაში დაუფიქრებლად გადაეშვა. არადა, როგორც წესი, ასეთ ჭებში, ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია ჩასვლა. მაგრამ მამამ იქ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა, ისევ ნუგზარმა ამოიყვანა ძალისძალად, შენ ამოდი, მე უნდა ჩავიდეო. რა თქმა უნდა, ისიც შიშველი ხელებით ჩავიდა და ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იყო ჭის ფსკერზე. ალბათ 3-მეტრიან წყალში თავჩაყოფილი. ეძებდა. ბოლოს ბავშვი წყალზე ამოატივტივა და თავადაც ამოჰყვა. მერე თქვა, უკვე ვიხრჩობოდი, როდესაც ფსკერზე ფეხი რაღაცას წამოვდე და მივხვდი, რომ დემეტრე იყო, ხელი რომ მოვკიდე, მაშინვე ამოატივტივა წყალმაო.
ასე ჩავარდნილა, ჭის კედლებს არ შეხებია და ნაკაწრიც არ ჰქონდა. სასწაული იყო ისიც, თავად ნუგზარიც ბავშვიც ხელში რომ ამოვიდა ჭიდან. ამსიმაღლე ჭაში, სადაც ადამიანის ჩასვლა ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ ხდება.
შოკირებული კაცი ცალი ხელით ამოვიდა…
აბა, სხვა რა ვთქვა, ეს სასწაული ალბათ, ჩვენს დემეტრეს საბოლოოდ გამოგვიჯანმრთელებს. ბავშვს ფილტვების ანთება აქვს წყალში დიდხანს ყოფნისაგან და ხელოვნურ ძილშია, ძალა რომ დაიბრუნოს. ყველა მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება.
ნუგზარი კი ჩვენი გმირია, ნამდვილი გმირები სწორედ ასე ჩნდებიან, დაუფიქრებლად საკუთარი თავის შეწირვით და ღმერთის ნებით. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები!”

წყარო : კვირის პალიტრა