“ყოველდღე მესმის ჩემი შვილებისგან: „უაზრობაა სკოლაში სიარული“, „მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება დაეზარა“, „ჩემი ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, სახლში წაიკითხეთო“

სკოლებში სწავლების ხარისხი უფრო და უფრო მეტ მშობელს აშფოთებს. მათ შორისაა 5 შვილის დედა მაკა საკანდელიძე. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა მაკამ სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე პოსტი გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს.

უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს და გაცხადებას.

“ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხზე მინდა გესაუბროთ. მოსვენებას არ მაძლევს და ვერ ვურიგდები დღეს სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაკვეთილების ხარისხთან დაკავშირებით. ყოველ დღე მესმის ჩემი შვილებისგან: „დღესაც მოსაწყენი გაკვეთილები იყო“, „უაზრობაა სკოლაში სიარული“, „ბავშვები ხმაურობდნენ და მასწავლებელმა გაკვეთილი ვერ ჩაატარა“, „მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება დაეზარა“, „ჩემი ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, სახლში წაიკითხეთო“, „მაინც ყველა ემზადებით და ამას არ აგიხსნითო“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერძოდ ვამზადებ ყველა შვილს, მშვიდად მაინც ვერ ვარ. სკოლაში გატარებული 5 თუ 6 საათის შემდეგ ჯერ ერთ რეპეტიტორთან მიდიან, მერე მეორესთან ან სპორტზე. სახლში 9 ან 10 საათისთვის ბრუნდებიან ისეთი დაღლილები, რომ მეცადინეობის თავი აღარ აქვთ.
რეპეტიტორობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს საჭირო დაწყებითი კლასებიდან და არ უნდა ვაქციოთ ნორმად. ნუ გავუწევთ დათვურ სამსახურს ჩვენს ხელისუფლებას. სკოლაში სიარული მხოლოდ ნიშნებისა და ატესტატის მისაღებად არ უნდა გვჭირდებოდეს. არაერთხელ ვესაუბრე ჩემი შვილების სკოლის დირექტორს. ვთხოვე მიეღო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგალითად გაეცოცხლებინა და მოქმედებაში მოეყვანა ხარისხის კონტროლის ჯგუფი, რომელიც იქნებოდა მასწავლებლისა და მოსწავლის მხარდამჭერი და არა ვინმეს დასჯაზე ორიენტირებული; მშობლებთან ერთად დაესახა ამოცანები, რომლის განხორციელებაშიც მხარს დავუჭერდით. სკოლაში შეიქმნა მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფასდაუდებელ რესურსად შეიძლებოდა ქცეულიყო ბავშვებზე მზრუნველ გარემოში, მშობელთა ჩართულობას მართლაც რომ მიესალმებოდეს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც პრობლემებს აღიარებს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
სკოლა იქცა საპატიმროდ, სადაც 5 – 6 საათი იძულებით უნდა გაატარო კვირაში ხუთჯერ. ბევრი მიზეზია, რაც განაპირობებს სწავლების დაბალ ხარისხს: გადატვირთული კლასები (25 – 35 მოსწავლე თითოეულ კლასში), დამხმარე რესურსების დეფიციტი ან არარსებობა, უხარისხო სახელმძღვანელოები, გადატვირთული პროგრამა, დრომოჭმული მიდგომები ე.წ. „ზეტ“ და “ალფა”თაობის მოსწავლეებთან, პროფესიონალიზმისა და მასწავლებლის პროფესიის თუ ბავშვის სიყვარულის ნაკლებობა, მასწავლებლისა და მოსწავლის გადატვირთული დღის წესრიგი, რაც იწვევს არა მარტო სწავლა-სწავლების დემოტივაციას, არამედ ფსიქო-ემოციურ გაუწონასწორებას, რასაც ადასტურებს მოსწავლეთა მეტისმეტად მაღალი მიმართვიანობა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში. არ უნდა დავივიწყოთ მშობლების მხრიდან დაშვებული შეცდომებიც.
ჩემს შვილებს არ გამოსდით უინტერესო გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია. დარდობენ, რომ დროს ფლანგავენ სკოლაში. მეც ვერ ვახერხებ ამ მოცემულობის დაიგნორებას. ვერ ვეუბნები ჩემს შვილებს ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, მაინც არაფერი გამოგვივა, უნდა შევეგუოთ და მოვერგოთ არსებულ რეალობას, სხვა გზა არ არის… ვერ ვეუბნები იმიტომ, რომ მჯერა, სხვა გზა არის და ეს გზა ბარათაშვილის მერანივით ჩვენ, მშობლებმა უნდა გავკაფოთ. ჩვენ უნდა დავურღვიოთ ჩვენი შვილების უფლებების მთავარ დამრღვევებს – დირექტორსაც, მინისტრსაც, პრემიერ მინისტრსაც თუ პრეზიდენტსაც კომფორტის ზონა და მანამ არ მოვასვენოთ, სანამ ხარისხიანი განათლება არ გახდება პრიორიტეტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში.
ძალიან მაინტერესებს, თქვენს სკოლებში თუ კლასებში რა ხდება ამ მხრივ. თუ თქვენც ჩემს დღეში ხართ და ჩემს შეხედულებას იზიარებთ, შემომიერთდით ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მოსაპოვებლად, რისი უფლებაც კანონით აქვთ მინიჭებული. იმედი მაქვს, თქვენს შორის ვიპოვი თანამოაზრეებს” – ნათქვამია მაკა საკანდელიძის ფეისბუქპოსტში.
ეს კი ზემოხასენებული განცხადებაა:

“გულდამძიმებული მოგმართავთ საქართველოში საშუალო განათლების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 5 მოსწავლის მშობელი, თავს ვალდებულად ვთვლი ყურადღება გავამახვილო საჯარო სკოლებში არსებულ საკითხებზე, რომლებიც მიმაჩნია საგანგაშოდ. ნება მომეცით გამოვყო რამდენიმე ძირითადი საკითხი:

  1. გადატვირთული საკლასო ოთახები. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 25-დან 40-მდე მერყეობს. მოსწავლეთა სიჭარბე დამაბრკოლებელი ფაქტორია სათანადო ხარისხის გაკვეთილის ჩასატარებლადს. იკარგება სწავლებისა და სწავლის მოტივაცია და იქმნება კომპრომისული სასწავლო გარემო.
  2. დამხმარე რესურსების დეფიციტი. სკოლებს საგრძნობლად აკლია ან თითქმის არ გააჩნია დამხმატე რესურსები, რათა სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და შინაარსიანი და პედაგოგს გაუადვილდეს მოსწავლის ინტერესის აღძვრა და შენარჩუნება. არ ფუნქციონირებს ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, რაც ართულებს მოსწავლეების მიერ აღნიშნული დისციპლინების დაძლევას.
  3. ინდივიდუალური მიდგომების არარსებობა. მასწავლებლები ვერ იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომებს თითოეული მოსწავლის მიმართ. დამკვიდრებულია სწავლების ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს სტუდენტების მრავალფეროვან საჭიროებებსა და დასწავლის სტილს.
  4. ურთიერთპატივისცემისა და კვალიფიკაციის ნაკლებობა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს პატივისცემის დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბევრ პედაგოგს არ გააჩნია საჭირო კვალიფიკაცია და უნარები, რათა მოსწავლეს აღუძრას ინტერესი გაკვეთილისა და საგნის მიმართ, შეინარჩუნოს მისი ყურადღება და ეფექტურად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, რასაც მივყავართ დისციპლინის დარღვევავდე და ურთიერთშეურაცხმყოფელ ქმედებებამდე.
  5. ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა. განათლების სისტემა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს იწვევს ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს მოსწავლეებში. ისინი კარგავენ სკოლაში სიარულის ინტერესს, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და საერთო კეთილდღეობაზე. ამის დასტურია თუნდაც, მოსწავლეთა მეტისმეტად მაღალი მიმართვიანობა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში.
  6. დამქანცველი განრიგი. სკოლაში გატარებული 5 თუ 6 საათის შემდეგ, მოსწავლეებს უწევთ კერძო რეპეტიტორებთან და კლასგარეშე აქტივობებზე სიარული, რაც იწვევს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. მათ არასაკმარისი დრო რჩებათ საშინაო დავალებების შესასრულებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ დასვენებაზე. რეპეტიტორობის ინსტიტუტის დამკვიდრება, რაც ერთადერთი გამოსავალია მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც საჯარო სკოლებში სწავლობენ, კიდევ უფრო აქვეითებს მასწავლებლების მოტივაციას ჩაატარონ ხარისხიანი გაკვეთილები.
  7. გამოცდები. შიდასასკოლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდები ხშირად ასახავს კერძო რეპეტიტორების ეფექტურობას და არა სკოლების მიერ მიწოდებული განათლების ხარისხს. ეს არა მხოლოდ ძირს უთხრის ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების სანდოობას, არამედ აძლიერებს უთანასწორობას და უსამართლო უპირატესობებს მოსწავლეებს შორის.
  8. სკოლში სიარულის რეალური მიზეზი. გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბავშვებისთვის, რომლებიც კარგავენ სწავლისადმი ლტოლვას და იმედგაცრუებულნი ხდებიან განათლების სისტემით, სკოლაში სიარულის ერთადერთი მიზეზი ნიშნების მიღება და სკოლის დამამთავრებელი ატესტატის აღებაა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს სწავლის გასაგრძელებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  9. სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაცია. სკოლებში თავს იჩენს ჯანსაღი კომუნიკაციისა და ჩართულობის მწვავე ნაკლებობა მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს შორის. მასწავლებლებთან მშობლების შეხვედრის შეზღუდული შესაძლებლობა არასაკმარისია მოსწავლეთა პროგრესისა და აკადემიური განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი განხილვებისთვის. სკოლის ადმინისტრაცია თავს უძლურად თვლის იმოქმედოს მოსწავლის სასიკეთოდ. მწვავედ იგრძნობა მშობლების მარგინალიზების მცდელობა.

ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება, თუმცა დღეს ეს უფლება დარღვეულია. დაჟინებით მოგიწოდებთ მიანიჭოთ პრიორიტეტი ჩვენი მოსწავლეების კეთილდღეობასა და აკადემიურ წარმატებას და მიიღოთ დაუყოვნებელი და გადამწყვეტი ზომები უფრო სამართლიანი და ინკლუზიური განათლების სისტემის შესაქმნელად, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ბავშვს სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი.ჩვენს შვილებს არ შეუძლიათ მეტი ლოდინი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. როგორც არსებული მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებულ მშობელს, საჭიროდ მიმაჩნია:·

კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება არაუმეტეს 15 მოსწავლემდე.·
სკოლების აღჭურვა დამხმარე რესურსებით. ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიების მოწყობა.·
მასწავლებლებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა მათი კვალიფიკაციისა და სწავლების უნარების გასაუმჯობესებლად, სწავლების ეფექტური მეთოდებისა და კლასის მართვის ტექნიკების დასაუფლებლად. აქცენტი უნდა გაკეთდეს ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდებზე.·
საკლასო ოთახებში მიმდინარე სასწავლო პროცესების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება სწავლების ხარისხის რეგულარული შეფასების მიზნით. ეს დაკვირვებები უნდა ჩატარდეს სტანდარტიზებული კრიტერიუმებისა და პროტოკოლების გამოყენებით განათლების სპეციალისტების მიერ და ფოკუსირება მოახდინოს მასწავლებლის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.·
იმ მასწავლებლების აღიარება და წახალისება, რომლებიც აჩვენებენ სანიმუშო სწავლების პრაქტიკას.·
მასწავლებელსა და მშობელს შორის მოსწავლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ეფექტური გზების გამოძებნა და მათ შორის თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა.·
მშობლის სურვილის შემთხვევაში, მისთვის თავისი შვილის გაკვეთილებზე დასწრების უფლების მინიჭება სასწავლო პროცესის გამჭვირვალობისა და პედაგოგისა და მოსწავლის მხარდაჭერის მიზნით.·
მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა.
მოუთმენლად ველი თქვენს სწრაფ მოქმედებას და მნიშვნელოვან ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის საშუალო სკოლებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ მივიღო სამართლებრივი ზომებიც და არ დავაკლებ მცდელობას, რათა ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობისა და კერძო რეპეტიტორების ხელმისაწვდომობისა.” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო : Mshoblebi.ge