მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე თავისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. თავისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე – ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის, სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
“მეტიჩარათი” შეცვლილი ბავშვური სამყარო
– ყველა ადამიანის ბიოგრაფია საიდანღაც იწყება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რაც მის ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის. აქტიური, ენერგიული ბავშვი ვიყავი. ჩემს ოჯახში ყველა მეცნიერი იყო: ბებია ექიმი, მამა ფიზიკოსი, დედა ნეიროფიზიოლოგი. თავიდან ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ 7 წლის ასაკიდან ხელოვნების სკოლაში სწავლა მომინდა, სადაც არაჩვეულებრივ მიუზიკლებს ვდგამდით და უკვე იმ დროიდან პატივი მერგო, ფილარმონიაში სცენაზე ვმდგარიყავი.
“მეტიჩარას” დიდი ცვლილებები მოჰყვა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ 9 წლის ვიყავი. მანამდე ბევრი გოგონა ნახეს სხვადასხვა ქალაქში. მე სკოლაში ამარჩიეს, კლასში რომ შემოვიდნენ, მე დიდი ინტერესით წამოვდექი და ქალბატონმა სვეტლანა ჯაფარიძემ, რომელიც მეორე რეჟისორი იყო, მომიხმო და ჩვენი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.
მალევე სასინჯ გადაღებაზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც ფილმის რეჟისორებმა ნელი ნენოვამ და გენო წულაიამ გადაწყვიტეს, დავემტკიცებინე როლზე. გაიმართა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე და სხვები. მახსოვს, როცა სასინჯი გადაღებიდან შინ ვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვური წარმოდგენით მივხვდი, რომ ჩემი სამყარო რადიკალურად იცვლებოდა, და ეს ძალიან მიხაროდა.
ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. სკოლასაც ვაკლდებოდი, მაგრამ შემდეგ ვანაზღაურებდი შეძლებისდაგვარად. გადაღება მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე გაგრაში, ბათუმში. ცურვა არ ვიცოდი და სასწრაფოდ ვისწავლე. მახსოვს, წყალში სიცხიანიც კი ჩავედი დელფინთან. გადაღება ორ წელიწადს გაგრძელდა და ის ურთიერთობები, ის არაჩვეულებრივი ადამიანები სულ მემახსოვრება. როცა საჭირო იყო, რეჟისორები მომთხოვნებიც იყვნენ და კრიტიკულებიც. მეც ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა.…დღემდე ასე ვარ, ძალიან თვითკრიტიკული…
მალევე სასინჯ გადაღებაზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც ფილმის რეჟისორებმა ნელი ნენოვამ და გენო წულაიამ გადაწყვიტეს, დავემტკიცებინე როლზე. გაიმართა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე და სხვები. მახსოვს, როცა სასინჯი გადაღებიდან შინ ვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვური წარმოდგენით მივხვდი, რომ ჩემი სამყარო რადიკალურად იცვლებოდა, და ეს ძალიან მიხაროდა.
ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. სკოლასაც ვაკლდებოდი, მაგრამ შემდეგ ვანაზღაურებდი შეძლებისდაგვარად. გადაღება მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე გაგრაში, ბათუმში. ცურვა არ ვიცოდი და სასწრაფოდ ვისწავლე. მახსოვს, წყალში სიცხიანიც კი ჩავედი დელფინთან. გადაღება ორ წელიწადს გაგრძელდა და ის ურთიერთობები, ის არაჩვეულებრივი ადამიანები სულ მემახსოვრება. როცა საჭირო იყო, რეჟისორები მომთხოვნებიც იყვნენ და კრიტიკულებიც. მეც ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა.…დღემდე ასე ვარ, ძალიან თვითკრიტიკული…
– გამოვიდა ფილმი და როცა გარეთ გახვედით, თუნდაც სკოლაში, რა ხდებოდა?
– ყველგან მცნობდნენ და ყველა მეტიჩარას მეძახდა. ერთხანს ცოტათი დავიჯერე, რომ განსხვავებული ვიყავი, მაგრამ ეს ბავშვობაშივე დასრულდა, ვარსკვლავური დაავადება დასაწყისშივე დავამარცხე. ხელი იმან შემიწყო, რომ განვითარება გავაგრძელე. ამაში ბევრი ერთგული და კარგი ადამიანი დამეხმარა,- ჩემი მშობლები, უპირველესად დედა; ჩემი პედაგოგები და ის ადამიანები, რომლებიც მისაბაძი იყვნენ ჩემთვის.
9 აპრილი და კინოფესტივალზე წარმოთქმული სიტყვა
– 1980-90-იან წლებში ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ბევრს ვმოგზაურობდით, პარალელურად, ფილმებში ვმონაწილეობდი. შემდეგი იყო ლანა ღოღობერიძის-“ვალსი პეჩორაზე”, სადაც მე და გურამ ფირცხალავა ვთამაშობდით მთავარ როლებს. ფილმი 1937 წელზე იყო, “მონანიების” შემდეგ ერთ-ერთი ხმამაღალი სიტყვა. საბჭოური “რკინის ფარდა” ნელ-ნელა იხსნებოდა, საქართველოში ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა. ამ პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად ვიყავით ჩართული. მახსოვს, 9 აპრილს შტატებში ვიყავით სპექტაკლებით და იქ გავიგეთ ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ. ის შეგრძნება არასდროს დამავიწყდება. როდესაც ჩამოვედით, დაგვხვდა ცარიელი ქუჩები და რუსთაველზე უამრავი ფეხსაცმელი მიმოფანტული; სახლში – დუმილი, უცნაური სიჩუმე, თითქოს ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ ტკივილისგან დადუმებულები. შემზარავი შეგრძნება იყო. 9 აპრილიდან რამდენიმე წელიწადში ჟენევაში მომიწია წასვლა კინოფესტივალზე “ევროპული კინოს ხვალინდელი იმედები”, სადაც 14 ქვეყნიდან ახალგაზრდა მსახიობები იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორის, მეც. ყველაზე უმცროსი მონაწილე მე ვიყავი და სპეციალური პრემია რომ მომანიჭეს, დიდი სითბო გამოიჩინეს. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა სიტყვით გამოვიდა, თავიანთ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, მე კი ვიცოდი, ჩემს ქვეყანაში დაბრუნებისას რაც დამხვდებოდა, და ასეთი რამ ვთქვი, ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის იბრძვის. რაც ამ ფილმში ნახეთ, ჩვენ ამის გამეორება აღარ გვინდა, ჩვენი სურვილია დამოუკიდებელი და ბედნიერი ხალხი ვიყოთ-მეთქი. ყველა ამბობდა, ყველაზე გულწრფელი სიტყვა ნინომ წარმოთქვაო. უკვე მაშინ ჩემი არჩევანი ევროპა იყო, იქ არის ჩვენი ადგილი. ერთ წელიწადში ჟენევაში იმავე ფესტივალზე საპატიო ჟიურის წევრად მიმიწვიეს, მაგრამ ვინაიდან არეული დრო იყო, ვერ მოვახერხე ჩასვლა.
ფილმის რეჟისორ ქალბატონ ლანა ღოღობერიძესთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. უაღრესად განათლებული, ტოლერანტული ადამიანია. მუშაობისას ხშირად მეც ბევრ რამეს ვთავაზობდი, რაღაცებს ჩემებურად ვაკეთებდი, რადგან ინერტული და პასიური ტიპი არა ვარ, მინდა მხოლოდ მოქმედი კი არა, შემოქმედიც ვიყო. რაღაცები გაითვალისწინა, რაღაცებს ისე ვაკეთებდი, როგორც თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს სწორედ მისი ცხოვრება, ავტობიოგრაფიული ფილმია და მან ჩემს გმირში დაინახა საკუთარი თავი ბავშვობაში. ეს ისტორია ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან ბაბუა 1937 წელს დამიხვრიტეს და მამას მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა ეს ტრავმა, იმ დროს მხოლოდ 3 წლის იყო.