როგორ უნდა შეამოწმოთ, რა თანხაა თქვენს საპენსიო დანაზოგზე

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის სახელითა და სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი, აისახება მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე. მონაწილე უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული საპენსიო აქტივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.

მონაწილემ ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე პირველადი წვდომისთვის, აუცილებელია, გაიაროს რეგისტრაცია საპენსიოს შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://my.pensions.ge/ka/login.

მონაწილის საპენსიო გვერდზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს. მონაწილის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო სააგენტოში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს ვებგვერდიდან შესაბამის ბმულზე, მიუთითოს მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი, შეცვალოს დროებითი პაროლი ახალი პაროლით. რეგისტრაციის გავლისას დასაქმებული ასევე ვალდებულია მიუთითოს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გარდა ზემოხსენებული რეგისტრაცია/ავტორიზაციისა, მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით.