საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით სასტუმრო „მედიჰაუსში“ მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერითა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის თაოსნობით საჩხერეში, სასტუმრო “მედიჰაუსში“ მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“- ს ფარგლებში ბიბლიოთეკას 150-ზე მეტი საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი გადაეცა.

“მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“ გულისხმობს სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებში საინფორმაციო ცენტრებისა და ბიბლიოთეკების აღდგენა-განახლებასა და მოწყობას. ამავდროულად გვაქვს ისეთი ტიპის პროექტები, როგორიცაა ღია სივრცეებში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა. რაც შეეხება სასტუმროს ბიბლიოთეკებს, “მედიჰაუსი“-ს შემთხვევა არის პირველი პრეცენდენტი, რომელიც  ეროვნული ბიბლიოთეკისა და “საჩხერის სამედიცინო ცენტრი“-ს ორმხრივი იდეაა, რომელიც ემსახურება ერთის მხრივ ქართველი სრტუმრებისთვის საინფორმაციო სივრცის შექმნას და, მეორეს მხრივ, უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი მხარეების პოპულარიზაციას. შესაბამისად, ბიბლიოთეკაში განთავსდა როგორც ქართული ისე უცხოური ლიტერატურა - თარგამნები, საინფორმაციო ტექსტები და სხვა“, - განაცხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ.  

სასტუმრო კომპლექსი “მედიჰაუსი“ საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ მდებარობს და მოიცავს როგორც სტუდენტურ საცხოვრებელს, ასევე სასტუმროს შენობას. შესაბამისად, “მედიჰაურის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ სასაიმოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენების პარალელურად საინტერესო ლიტერატურასაც გაეცნონ.

საჩხერის შემდეგ მოძრაობამ სამტრედიაში გადაინაცვლა, სადაც “ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში პატარა ბიბლიოთეკა #2 სკოლის მოსწავლეებისთვისაც მოეწყო“.

(NS)