მმართველი გუნდი ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო ვერსიებზე არ საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციები და   ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის:

„უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს. სანამ არ გვეცოდინება შედგეები, მანამდე გარკვეული სპეკულაციები და   ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს:

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა,ჩვენ ვფიქრობთ, ამ თემის არჩევენებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

"მომხდარს ცალსახად  ნუ  განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, -ამასვე ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც, რომელიც ინციდენტის ადგილზე   იმყოფებოდა.

"მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ  ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას.  განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც  ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გიორგი  მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. მათ შორისაა „ქართული ოცნების“  კანდიდატი.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.